გორელ ამომრჩევლებთან ოქრუაშვილის შეხვედრისას ორი პირი დაჭრეს

ყოფილი თავდაცვის მინისტრის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ოქრუაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს კვირას გორში ორ პირს ესროლეს და დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლიცია გორში მომხდარ ფაქტს იძიებს.   

ინციდენტიდან რამდენიმე საათში ოქრუაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ ის გორის ერთ–ერთი უბნის ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავდა, როდესაც მცირერიცხოვან აქციას მამაკაცი მიუახლოვდა და სიტუაციის არევას შეეცადა.

ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ატყდა ჩხუბი, რომლის დროსაც მამაკაცმა იარაღიდან სროლა დაიწყო მისი და მისი დაცვის მიმართულებით.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი დაცვის ერთი წევრი და ერთი აქტივისტი დაიჭრა, რასაც მისი თქმით,  რამდენიმე ათეული ადამიანი შეესწრო.

ოქრუაშვილმა თავდამსხმელის ვინაობაც დაასახელა და განაცხადა, რომ ეს პირი წარსულში ნასამართლევი იყო.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა დეტალების დაკონკრეტების გარეშე, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია.

ოქრუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დროს გორში საარჩევნო პროცესებში ე.წ. ძველი ბიჭები გააქტიურდნენ;  მან პარტია ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე დაადანაშაულა ამგვარი ჯგუფების საარჩევნო მიზნით მობილიზებაში.

ოქრუაშვილის ბრალდებების საპასუხოდ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა და დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა ტელეკომპანია „პირველს“: „მათ შელაპარაკება მოუვიდათ ერთ–ერთ მოსახლესთან და ამას შემდეგ მოყვა ინციდენტი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ოქრუაშვილი აპირებს ამ ყველაფერს დაუდოს პოლიტიკური სარჩული. რეალურად იყო შელაპარაკება ადგილობრივ მოსახლესთან და ამ საკითხის პოლიტიზირება ნამდვილად არ იქნება სწორი“.    

ოქრუაშვილი, რომელიც 2004–2006 წლებში თავდაცვის მინისტრი იყო, ერთ–ერთია იმ 13 კანდიდატს შორის, რომლებიც გორის ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობისთვის მანდატისთვის იბრძვიან.

გორში მაჟორიტარ დეპუტატად ასევე იყრის კენჭს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია, რომელიც 2012–2014 წლებში თავდაცვის მინისტრი იყო.  პარტია ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატი გორში იოსებ მაკრახიძეა, გორის ასფალტის მწარმოებელი და გზების მშენებელი კომპანია „იბოლიას“ თანამფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ძალადობრივი ინციდენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით მომხდარი კიდევ ერთი ინციდენტის შედეგად პარტია ქართული ოცნების სამი აქტივისტი საავადმყოფოში მოათავსეს მას შემდეგ, რაც მათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინციდენტი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს და ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებს შორის შაბათს საღამოს მოხდა, როდესაც მმართველი პარტიის აქტივისტები საარჩევნო კამპანიის მასალებს ავრცელებდნენ.

სამი პირი, მათ შორის ახალგაზრდა ქალბატონი, საავადმყოფოში გადაიყვანეს – ორ მათგანს, ექიმის თქმით, ტვინის შერყევა აღენიშნებოდა.

პარტია ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ დაგმეს ძალადობა, თუმცა ერთმანეთი ინციდენტის პროვოცირებაში დაადანაშაულეს.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, აღნიშნეს ერთობლივ განცხადებაში კვირას, რომ ამგვარი ძალადობრივი ინციდენტები საფრთხეს უქმნის თავისუფალ და სამართლიან წინასაარჩევნო გარემოს.

„მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული ინცინდენტი სწრაფად, ობიექტურად და მიუკერძოებლად და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდობიანი და უსაფრთხო საარჩევნო გარემო“, – ნათქვამია განცხადებაში, „ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს საარჩევნო პერიოდში, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობისაგან, ასევე ისეთი განცხადებებისგან, რომელიც წაახალისებს ძალადობას და დაპირისპირებას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)