ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თბილისის ცენტრში მანქანის აფეთქების დროს გადარჩა

მანქანა, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გივი თარგამაძე გადაადგილდებოდა, სამშაბათს საღამოს თბილისის ცენტრში ყოფილ კოლმეურნეობის მოედანზე აფეთქდა.

დეპუტატმა თარგამაძემ განუცხადა ადგილზე მისულ ჟურნალისტებს, რომ ის და მისი მძღოლი უვნებლად გადარჩნენ, თუმცა რამდენიმე გამვლელი დაშავდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძღოლს ტვინის შერყევა აქვს.

ოთხი ადამიანი იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ მანქანის უკანა, საბარგულის ნაწილი სრულიად არის განადგურებული აფეთქების შედეგად.

დეპუტატმა თარგამაძემ განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ აფეთქება დისტანციური მართვის პულტით მოხდა.

მისი თქმით, აფეთქების დროს ის მძღოლის გვერდით იჯდა, რადგან, როგორც განმარტა, მძღოლთან მეგობრობს და როგორც წესი, მანაქანაში უკან არ ჯდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბესიკ ამირანაშვილმა განუცხადა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს, რომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

„უახლოეს მომავალში ჩვენ შევეცდებით, რომ საქმეზე დავადგინოთ ჭეშმარიტება – ამისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა მან. 

თავის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თითი ყოფილი პრემიერ–მინისტრისკენ, ბიძინა ივანიშვილისკენ გაიშვირა.

„ჩემი აზრით, ის [თარგამაძე] სამიზნედ ამოირჩიეს იმის გამო, რომ აქტიურად ეკონტაქტებოდა სამართალდამცავებს, რაც ძალიან აშინებს ივანიშვილის ხელისუფლებას და ზოგადად ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს“, – წერს სააკაშვილი.

დეპუტატმა დავით ბაქრაძემ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერია, განაცხადა, რომ „ივანიშვილის რეჟიმმა დაგვაბრუნა იმ ქვეყანაში, სადაც დღისით ქუჩაში ესვრიან იარაღს და აფეთქებენ მანქანებში“.

„ამიტომ, ამ ხელისუფლების დამთავრება აღარ გახლავთ პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ეს არის ჩვენი მომავალი უსაფრთხოების და გადარჩენის საკითხი ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მთავრობა, რომლის პირობებშიც „ადამიანებს აფეთქებენ მანქანებში“, უნდა წავიდეს.

„მე მჯერა ქართული საზოგადოების, რომ ამ შანსს გამოიყენს სამ დღეში და ამ ხელისუფლებას გაუშვებს სახლში“, – განაცხადა ბაქრაძემ "რუსთავი 2"-ის თოქ-შოუში, რომელიც აფეთქებიდან ცოტა ხანში მასპინძლობდა ნაციონალური მოძრაობის წევრებს მათი საარჩევნო პროგრამის საპრეზენტაციოდ.