აშშ–ის საელჩო გმობს ‘ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც ზიანს აყენებს მოქალაქეებსა და დემოკრატიულ პროცესს’
ოთხშაბათს დილით ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აშშ–ის საელჩომ თბილისში დაგმო „ძალადობრივი ქმედებები, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს“.
დეპუტატი თარგამაძე და მისი მძღოლი სამშაბათს საღამოს თბილისის ცენტრში მათი მანქანის აფეთქებას გადაურჩნენ; შემთხვევის ადგილას ოთხი გამვლელი დაშავდა. პოლიციამ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
აფეთქება ნაციონალური მოძრაობის მიერ თბილისში 5 ოქტომბერს დაგეგმილი დასკვნითი აქციის წინა დღეს და 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე დაახლოებით 84 საათით ადრე მოხდა.
„საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ ძალას თავი შეიკავოს ძალადობისაგან და პატივი სცეს კანონის უზენაესობას“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ.
„დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. წყნარი და მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო უმნიშვნელოვანესი პირობაა, რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს, გამოხატოს თავისი ნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)