საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 6 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე ლარის მხარდასაჭერად 20 მილიონი აშშ დოლარი, სამი დღით ადრე კი ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

6 ოქტომბერს ლარის გაცვლითი კურსი ჯერ 2.36–ს შეადგენდა დოლართან მიმართებაში, ხოლო ნაშუადღევს 2.34–მდე გამყარდა.

6 ოქტომბრის ინტერვენციის შედეგად ეროვნული ბანკის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 2.3363 შეადგინა აშშ დოლართან მიმართებაში, რაც უმნიშვნელო გაუფასურებაა ერთი დღით ადრე არსებულ ლარის 2.3341–იან კურსთან შედარებით, 2.31%–ით მეტი ერთი წლით ადრე არსებულ, ხოლო 2.5%–ით მეტი წლის დასაწყისში არსებულ კურსთან მიმართებით.

2016 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა სულ 200 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა და 278.35 მილიონი აშშ დოლარი იყიდა 22 ინტერვენციის შედეგად.

ეროვნული ბანკის მიერ წელს განხორციელებული ყველაზე მეტი ინტერვენცია შესყიდვის კუთხით მარტის შუა პერიოდიდან ივნისის დასაწყისამდე პერიოდზე მოდის, როდესაც აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გამყარება ხდებოდა.

2016 წლის აგვისტოს ბოლოს მდგომარეობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ 2.888 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; ივლისში ეს მაჩვენებელი 2.856 მილიარდს, ხოლო ერთი წლით ადრე 2.463 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, დაახლოებით, 1.75–ის ნიშნულიდან და 2016 წლის იანვრის ბოლოსთვის 2.4985-იან რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.