ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს



თბილისის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები საარჩევნო ყუთს ბიულეტენებისგან ცლიან ხმების დასათვლელად, 2016 წლის 8 ოქტომბერი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლის პროცესი მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, წინასწარი ოფიციალური შედეგები, სავარაუდოდ, კვირას დილის 6 საათისთვის გამოქვეყნდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 1 814 276 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 51.63%-ია.

ადგილობრივი დამკვირვებლების ინფორმაციით, მიუხედავად რამდენიმე ინციდენტისა და პროცედურული დარღვევისა, საერთო ჯამში, ამომრჩევლებს არჩევნების დღეს მიეცათ შესაძლებლობა, რომ თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი ნება.

ყველაზე სერიოზული ინციდენტი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მდებარე 48–ე საარჩევნო უბანზე მოხდა, სადაც ხმის მიცემის პროცესი დაპირისპირების შემდეგ შეჩერდა. ოპოზიციის აქტივისტები იმ შენობაში შეჭრას შეეცადნენ, სადაც საარჩევნო უბანი იყო განთავსებული.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ შეფასებით, რომელიც უმსხვილესი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, „ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაზე კანონით გათვალისწინებული წესების დაცვით ჩატარდა“.

„ცალკეულ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა დაძაბულობა, თუმცა აღნიშნულ გარემოებას ერთი გამონაკლისი [მარნეულის] შემთხვევის გარდა, არსებითი გავლენა არ მოუხდენია კენჭისყრის პროცესზე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისმა დამკვირვებლებმა მთელ რიგ საარჩევნო უბნებზე დააფიქსირეს საარჩევნო პროცედურების დარღვევები,  „საერთო ჯამში, მიგვაჩნია, რომ ამ ინციდენტებს არ შეეძლო არსებითი გავლენა ჰქონოდა ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)