წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნება დიდი უპირატესობით ლიდერობს
თბილისის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები საარჩევნო ყუთს ბიულეტენებისგან ცლიან ხმების დასათვლელად, 2016 წლის 8 ოქტომბერი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
უბნების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების პროპორციულ ნაწილში, ქართული ოცნება 48.6%–ით ლიდერობს.
3 702 უბნიდან 3 699-ის შემაჯამებელი ოქმების თანახმად, ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებს, ხმების 27.14% მიიღო.
საარჩევნო ბლოკი პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელობით 5%-იან ზღვარზეა – სწორედ ამ ბარიერის გადალახვაა საჭირო პარლამენტში მოსახვედრად.
მეოთხე ადგილს 4.61%-ით ირაკლი ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები" იკავებენ.
შემდეგ მოდის პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 3.45%; ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულმა მოძრაობა – 3.54%; ლეიბორისტული პარტია – 3.13%–მდე; რესპუბლიკურმა პარტია – 1.55%.
არჩევნებში მონაწილე ყველა სხვა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა საერთო ჯამში ხმების 3%–ზე ნაკლები დააგროვეს.
იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი შედეგები ძალაში დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ორი პარტია – ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა გადაინაწილებენ 77 ადგილს პარლამენტში პროპორციული სისტემით, ვინაიდან ვერც ერთი სხვა პარტია 5%–იან ბარიერს ვერ ლახავს.
დანარჩენი 73 ადგილი პარლამენტში მაჟორიტარული წესით გადანაწილდება.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, მეორე ტურები დიდი ალბათობით იმ 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება, სადაც ვერცერთი კანდიდატი ხმათა 50%-ზე მეტს ვერ აგროვებს. მეორე ტური საერთო არჩევნების დღიდან მაქსიმუმ 25 დღის ვადაში უნდა დაინიშნოს.
ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები არჩევნებს, წინასწარი მონაცემებით, 23 ერთმანდატიან ოლქში იგებენ; მმართველ პარტიას 73-დან 72 მაჟორიტარულ ოლქში ჰყავდა კანდიდატები წარდგენილი. უმეტესობა ოლქებში ერთმანეთს მეორე ტურში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)