ნაციონალურმა მოძრაობამ მეორე ტურებში მონაწილეობის და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო
ნაციონალმა მოძრაობამ, რომლის შეფასებითაც, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი, განაცხადა სამშაბათს საღამოს პოლიტსაბჭოს შეხვედრის შემდეგ, რომ მისი კანდიდატები პარლამენტშიც შევლენ და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურებშიც მიიღებენ მონაწილეობას.
მართალია საქართველოს ექს–პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად ოდესის გუბერნატორია, ბოიკოტის მომხრე იყო, თუმცა ეს პოზიცია პარტიის ზოგიერთი სხვა ლიდერისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
დეპუტატმა დავით ბაქრაძემ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის პირველი ნომერია და სავარაუდოდ პარლამენტის წევრიც გახდება, უთხრა ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს შეხვედრის შემდეგ, რომ ნაციონალური მოძრაობა არ მისცემს საშუალებას ყოფილ პრემიერ–მინისტრს და პარტია ქართული ოცნების დაფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, რომ საქართველოში „ერთპარტიული მმართველობა“ ჩამოაყალიბოს; მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ იტყვის უარს „პოლიტიკური ბრძოლის ისეთ ინსტრუმენტზე, როგორიცაა პარლამენტი“.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად უთანაბრო პირობებისა, მიუხედავად გაყალბებების და ზეწოლებისა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურიც ჩაივლის ძალიან მძიმე ბრძოლის პირობებში, ჩვენ ვიღებთ ბრძოლას, პარტია მონაწილეობას მიიღებს მეორე ტურებში და პარტია შევა პარლამენტში და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო მუშაობაში“, – განაცხადა ბაქრაძემ.
„რა თქმა უნდა, პარტიაში არსებობს განსხვავებული პოზიციები და სწორედ ეს არის ნაციონალური მოძრაობის სიძლიერე, რომ ჩვენთან არის განსხვავებული პოზიციები, მაგრამ მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ჩვენ, როგორც ნორმალურ, ცივილურ, ევროპულ პარტიას შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, საქმიანად ვისაუბროთ, არგუმენტებით დავარწმუნოთ ერთმანეთი და მივიდეთ ერთ შეთანხმებულ საბოლოო გადაწყვეტილებამდე“, – განაცხადა მან.
„ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იყო განსხვავებული პოზიციები, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული პარტია, სადაც ყველა პროცესი არის დემოკრატიული და გამჭირვალე და სადაც კამათის, დისკუსიის და არგუმენტების გაზიარების გზით ყველა ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას, იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც მიღების შემდეგ ემორჩილება პარტიის თითოეული წევრი“, – დასძინა ბაქრაძემ.
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, მაჟორიტარული დეპუტატების ასარჩევად მეორე ტურები 73 ერთმანდატიანი ოლქიდან 50–შია მოსალოდნელი.
თუმცა, ეს საბოლოო რაოდენობა არ არის და ის შეიძლება შეიცვალოს, ვინაიდან რამდენიმე უბნის შედეგები გასაჩივრებულია და საარჩევნო ადმინისტრაცია ამჟამად ამ საჩივრებს განიხილავს.
წინასწარი მონაცემების თანახმად, ქართული ოცნების კანდიდატები 23 ერთმანდატიან ოლქში პირველივე ტურებში იგებენ არჩევნებს.
ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ერთმანეთს 44 ოლქში მოსალოდნელ მეორე ტურებში დაუპირისპირდებიან.
მთაწმინდის ოლქში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიკა რურუა დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდება, რომელსაც ქართული ოცნება უჭერს მხარს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)