საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ პლენუმმა მოსამართლე ზაზა თავაძე დაახლოებით 3 წლისა და 8 თვის ვადით ხუთი ხმით აირჩია; მან ამ თანამდებობაზე გიორგი პაპუაშვილი შეცვალა, რომელსაც მოსამართლის უფლებამოსილების ვადა სექტემბრის ბოლოს ამოეწურა.
ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და იმავდროულად, თავმჯდომარის მოადგილე და მეორე კოლეგიის თავმჯდომარე 2010 წლის ივნისიდან არის. შესაბამისად, მას 10-წლიანი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა 2020 წლის ივნისში ეწურება – სწორედ ამ დრომდე უხელმძღვანელებს ის საკონსტიტუციო სასამართლოს.
კანონის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით ირჩევა, თუმცა როცა სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 5 წელზე ნაკლებია დარჩენილი, ის თანამდებობაზე სასამართლოს წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით აირჩევა.
თავმჯდომარის თანამდებობაზე თავაძის კონკურენტი სასამართლოს ახალი წევრი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ირინა იმერლიშვილი იყო, რომელიც პრეზიდენტმა თავისი კვოტით დანიშნა მოსამართლედ. მან ვერ დააგროვა პლენუმის 5 წევრის მხარდაჭერა, რაც ფარული კენჭისყრით თავმჯდომარედ არჩევისთვის მინიმალური რაოდენობა იყო.
ახლა ახალი თავმჯდომარის პრეროგატივაა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ორივე ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურების წარდგენა. მოადგილეების არჩევასაც პლენუმის სულ მცირე 5 წევრის მხარდაჭერა ჭირდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში უზენაესი სასამართლოს კვოტით გამწესებამდე, ზაზა თავაძეს 2008-2010 წლებში ზურაბ ადეიშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს მისი მოადგილის თანამდებობა ეკავა, 2004 წლიდან კი მაშინდელ გენერალურ პროკურატურაში საკადრო დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.
თავაძე იმ ხუთ მოსამართლეს შორის იყო, რომელთაც ივლისში საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი იმაში დაადანაშაულეს, რომ ის პოლიტიკურის ინტერესის მქონე საქმეებზე გადაწყვეტილებების დაჩქარებას ცდილობდა და არ აძლევდა მოსამართლეებს გონივრულ ვადას, რათა სათანადოდ განეხილათ ის გახმაურებული საქმეები, რომელთა შორის იყო ტელეკომპანია რუსთავი 2–ის მიერ შეტანილი სარჩელები, ასევე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმე და პარტია თავისუფალ დემოკრატებთან ასოცირებული ე.წ. „კაბელების საქმე“; ოპონენტებმა, მათ შორის მოსარჩელეების ადვოკატებმა, ეს ხუთი მოსამართლე გადაწყვეტილებების განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულეს.
20 ოქტომბერს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ მედიასთან გაკეთებულ პირველ კომენტარში ზაზა თავაძემ განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი იმ გამოწვევაზე "ადეკვატური რეაგირება" იქნება, რაც განსახილველი საქმეების „რაც შეიძლება სწრაფად მიხედვას“ უკავშირდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)