ოთხ უბანზე განმეორებითი კენჭისყრა დასრულდა
მარნეულის ერთი და ზუგდიდის სამი საარჩევნო უბანი დაიხურა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა დასრულდა 22 ოქტომბერს.
ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებმა ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაირა.
საღამოს 8 საათის მონაცემებით, მარნეულის 36–ე ოლქის 48–ე უბანზე რეგისტრირებული 1 436 ამომრჩევლიდან 53.3%-მა მისცა ხმა; ხოლო ზუგდიდის 66-ე ოლქის სამ – 38–ე, 79–ე და 108–ე უბნებზე – საერთო ჯამში არსებული 2 844 ამომრჩევლიდან თავისი ნება 51.6%-მა დააფიქსირა.
ოთხივე ამ უბნის შედეგები საარჩევნო ადმინისტრაციამ 8 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას მომხდარი დარღვევების გამო გააბათილა – მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბანზე იმის გამო, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები საარჩევნო უბანზე შეჭრას შეეცადნენ და ხმის მიცემის პროცესი ჩაშალეს, რისთვისაც 6 პირია დაკავებული; ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარის 79–ე და 108–ე უბნებზე კი შედეგების გაბათილება საარჩევნო უბნების დარბევამ განაპირობა, რის გამოც ორი პირია პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის ერთ-ერთს, რომელიც სავარაუდოდ ქართული ოცნების მხარდამჭერია, წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნებისა“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, რომელთა მონიტორებიც აკვირდებოდნენ შაბათს არჩევნების მიმდინარეობას, განაცხადეს, რომ კენჭისყრა ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდ ვითარებაში წარიმართა და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. მათი განცხადებით, ხმის მიცემის დროს დაფიქსირდა რამდენიმე პროცედურული დარღვევა, რასაც არ შეეძლო შედეგზე გავლენის მოხდენა.
ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ხმების დათვლის დასრულების შემდეგ ცესკო მიღებისთანავე თავის ვებგვერდზე ატვირთავს შემაჯამებელ ოქმებს.
22 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგები განსაზღვრავს გახდება თუ არა მარნეულისა და ზუგდიდის ოლქებში, სადაც ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატები ლიდერობენ, მეორე ტურების ჩატარება აუცილებელი იმ 48 ოლქის მსგავსად, სადაც გამარჯვებული მაჟორიტარის გამოსავლენად მეორე ტურები 30 ოქტომბრისთვის არის უკვე დანიშნული. კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს, რათა პირველივე ტურში მოიპოვოს გამარჯვება. ქვეყნის მასშტაბით არსებული 73 ოლქიდან, პირველივე ტურში გამარჯვება მხოლოდ 23-მა კანდიდატმა მოიპოვა – ყველა ქართული ოცნებიდანაა.
განმეორებითი კენჭისყრის დაწყების წინ არსებული მონაცემებით, მარნეულში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი (47.91%) ქართული ოცნების კანდიდატს თამაზ ნავერიანს (43.41%) 907 ხმით უსწრებდა.
ზუგდიდში კი ქართული ოცნების კანდიდატი ედიშერ თოლორაია (47.37%) ყოფილ პირველ ლედის სანდრა რულოვსს ნაციონალური მოძრაობიდან (45.71) 372 ხმით უგებდა.
ზუგდიდის სამ უბანზე ასევე გაიმართა მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა, რომლის დაწყებამდეც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი 723 ხმით უსწრებდა ქართული ოცნების კანდიდატს. ამ შემთხვევაშიც განმეორებითი კენჭისყრის შედეგები გადაწყვეტს გამგებლის არჩევნების მეორე ტურის საჭიროების საკითხს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)