პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი დანიშნა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისი სათათბირო ორგანოს – ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალ მდივნად დავით რაქვიაშვილი დანიშნა.
ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სექტემბერში უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ირინა იმერლიშვილი პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გაამწესა.
უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი, დავით რაქვიაშვილი 2008-2010 წლებში რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს მაშინდელი სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის მოადგილე იყო და ამ სტატუსით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში იღებდა მონაწილეობას; 2011-2013 წლებში ის იაკობაშვილის ელჩობის დროს საქართველოს დესპანად მუშაობდა აშშ-ში. რაქვიაშვილი წლების განმავლობაში სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), რომლის რექტორიც იყო გიორგი მარგველაშვილი.