ევროპარლამენტარები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე მოლაპარაკებების ‘შემდგომი დაყოვნების გარეშე’ დაწყებისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, რომ „შემდგომი დაყოვნების გარეშე“, რაც შეიძლება „სწრაფად, ნოემბრის დასაწყისში“ დაიწყოს სამმხრივი მოლაპარაკებები შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის უზრუნველყოფისთვის.

ამ თხოვნით ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, სლოვაკეთს ოთხშაბათს გაგზავნილ წერილში მიმართეს დეპუტატებმა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტიდან (LIBE). 

ამ წამყვანმა კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებას 5 სექტემბერს დაუჭირა მხარი და ასევე აუნთო მწვანე შუქი ამ საკითხზე უწყებათაშორისი მოლაპარაკების დაწყებას. კომიტეტის გადაწყვეტილებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა, ევროკავშირის საბჭოს სახელით, 5 ოქტომბერს მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის შემოღებას.

მოლაპარაკებები, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, სლოვაკეთი ევროპარლამენტთან და ევროკომისიასთან ევროკავშირის შესაბამის რეგულაციაში ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით დაიწყებს, იმ საკანონმდებლო პროცესის ნაწილია, რომელსაც საბოლოოდ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა უნდა მოყვეს.

LIBE-ს დეპუტატები აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე მოლაპარაკებების შეფერხების რეალური მიზეზი არ არსებობს იმ პირობებში, როდესაც ევროპარლამენტმაც და ევროკავშირის საბჭომაც შესაბამისი მანდატი გასცეს მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ დაადასტურა, რომ ქვეყანამ ყველა საჭირო კრიტერიუმი შეასრულა. 

5 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საბჭომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება მკაფიოდ დაუკავშირა უვიზო მიმოსვლის ახალი, გამარტივებული  და უფრო სწრაფი შეჩერების მექანიზმის შემოღების პროცესს. შეჩერების მექანიზმზე დისკუსია  ევროპარლამენტსა და საბჭოს შორის კვლავ მიმდინარეობს.

ევროპარლამენტის მიერ 26 ოქტომბერს გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ დეპუტატებმა უკმაყოფილება გამოხატეს საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ „სამმხრივი მოლაპარაკებები არ დაიწყება მანამ, სანამ ევროპარლამენტთან არ იქნება მიღწეული შეთანხმება შეჩერების მექანიზმის გადახედვის თაობაზე“.

შეჩერების მექანიზმი საშუალებას აძლევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დროებით ისევ შემოიღონ სავიზო რეჟიმი იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, საიდანაც იზრდება უვიზო მიმოსვლის პირობების დარღვევის, თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა, ქვეყანა არ უზრუნველყოფს ევროკავშირში არალეგალურად მყოფი მისი მოქალაქეების დაბრუნებას.

„არ შეგვიძლია სინანული არ გამოვთქვათ იმის გამო, რომ საბჭოს განცხადებამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკებების დაყოვება გამოიწვია“, – განაცხადეს LIBE-ს კომიტეტის თავმჯდომარემ კლოდ მორესმა და მომხსენებელმა მარია გაბრიელმა თავიანთ ერთობლივ წერილში.

„ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპია, რომ ყოველ ქვეყანას, ვინც ყველა ამოცანას შეასრულებს, შეუძლია სარგებელი მიიღოს ვიზალიბერალიზაციიდან და საქართველოს შემთხვევაში ეს სწორედ ასეა“, – განაცხადა საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე მომხსენებელმა მარია გაბრიელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა უნდა შეასრულოს თავისი დანაპირები.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საქმეში შემდგომი დაყოვნება აღარ უნდა იყოს და შეახსენა, რომ ევროკავშირი–საქართველოს პარტნიორობისა და ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში, ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან კონკრეტულ მიღწევას წარმოადგენს.