კვირიკაშვილის თქმით, დიასპორის სამინისტრო სავარაუდოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია დიასპორის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანება.
ამჟამად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტი 16 სამინისტროს და სამი სახელმწიფო მინისტრის აპარატს მოიცავს. პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე შეუძლია სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება.
კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მომავალ კაბინეტში ის ასევე გეგმავს 2-3 ახალი მინისტრის წარდგენას მას შემდეგ, რაც ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება დღის წესრიგში.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში 29 ოქტომბერს საღამოს ისაუბრა, თუმცა არ დააკონკრეტა რომელი სამინისტროების ხელმძღვანელები შეიცვლებიან.
კვირიკაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ძირეული სტრუქტურული ცვლილებების გატარება მთავრობაში, რადგან „ასეთი ცვლილებები სიჩქარეებს აგდებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში“.
„მაგრამ სამინისტროების შიგნით იქნება გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები და მთავრობის ადმინისტრაციული დანახარჯების მიმართ იქნება ძალიან კონსერვატიული მიდგომა“, – განაცხადა მან.
„ეს იქნება კაბინეტი, რომელიც ძალიან მაღალ დინამიკას შექმნის ქვეყანაში“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მას ქართული ოცნება, როგორც არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია, კვლავ პრემიერ-მინისტრად წარადგენს.