აჭარის უმაღლეს საბჭოში მეორე ტურის შედეგად ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა მოიპოვა
აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების შედეგად ქართულმა ოცნებამ რეგიონის 21-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც ოთხპარტიული იქნება, 14 ადგილი და შესაბამისად, უმრავლესობა მოიპოვა.
6-ვე ერთმანდატიან ოლქში 30 ოქტომბერს ჩატარებული მეორე ტურების წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები ორჯერ მეტი უპირატესობით უგებენ კონკურენტებს ნაციონალური მოძრაობიდან.
ქართული ოცნების მომავალი მაჟორიტარი დეპუტატები არიან: ბათუმის №68, №69 და №70 ოლქებიდან, შესაბამისად, ვახტანგ წულაძე (66.63%), ილია ვერძაძე (69.87%) და ნუგზარ სურმანიძე (71.21%), ქობულეთის №71 ოლქიდან – გიორგი რომანაძე (71.51%); №72 ხელვაჩაურის ოლქიდან – მერაბ კარანაძე (72.19%); და №73 ხულო, შუახევი, ქედის გაერთიანებული ოლქიდან – ხვიჩა შარაშიძე (71.44%).
აჭარის უმაღლესი საბჭო, საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სისტემის მსგავსად, შერეული წესით ირჩევა – 15 წევრი პროპორციულად იმ პარტიებიდან, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ, ხოლო 6 წევრი – მაჟორიტარული სისტემით. პირველივე ტურში ვერცერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ დაძლია.
პროპორციული წესით აჭარის საკანონმდებლო ორგანოში ოთხი პარტია მოხვდა: ქართული ოცნება (45.13%) – 8 მანდატი; ნაციონალური მოძრაობა (29.62%) – 5 მანდატი; ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობა (5.89%) – 1 მანდატი და პატრიოტთა ალიანსი (5.7%) ასევე 1 მანდატი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, 8 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო მეორე ტურები 30 ოქტომბერს შედგა.
არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ, აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომას პრეზიდენტი დანიშნავს და პირველი შეკრებიდან 10 დღის ვადაში ახლადარჩეულ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებით და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას წარუდგენს დასამტკიცებლად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)