საქართველოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აშშ-ს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
„პატივცემულო, ბატონო პრეზიდენტო, მოუთმენლად და დიდი იმედით ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობას“, – ნათქვამია მარგველაშვილის მისალოც გზავნილში.
„დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ქართულ-ამერიკული მრავალწლიანი მეგობრობა და ძლიერი ურთიერთკავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ“, – აცხადებს მარგველაშვილი.
დონალდ ტრამპმა, რომელიც საქართველოს 2012 წლის აპრილში ბიზნესმენის რანგში სტუმრობდა, 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დემოკრატი კანდიდატის და ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ მოიპოვა და წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდა.
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამერიკელმა ხალხმა ხმა მისცა „შემდგომ განვითარებას, წარმატებას, მშვიდობას და უსაფრთხოებას საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობის შემდგომი სიმაღლეების მისაღწევად“.
„თქვენი საპრეზიდენტო მისია იწყება იმ უმნიშვნელოვანეს პერიოდში, როდესაც მსოფლიო და კაცობრიობა დგას ახალი გამოწვევების, მზარდი და ურთიერთგადაჯაჭვული საფრთხეების წინაშე, რაც უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს ისეთი უნივერსალური ღირებულებების დასაცავდ, როგორებიცაა თავისუფლება, დემოკრატია და მშვიდობა“, – ნათქვამია მარგველაშვილის გზავნილში, „ამერიკის როლი იყო და რჩება უნიკალურად მსოფლიო სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატების მტკიცე ლიდერობით ჩვენ ვიხილავთ კიდევ უფრო დაცულ, უსაფრთხო და წარმატებულ სამყაროს“.
„საერთო ღირებულებები ჩვენი ქვეყნების ისტორიული მეგობრობის საფუძველია. ჩვენი ხალხები ერთიანი ძალისხმევით უმკლავდებიან არსებულ გამოწვევებს და მტკიცედ დგანან ერთმანეთის გვერდით საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ქართველი და ამერიკელი სამხედროები მხარდამხარ მსახურობენ უსაფრთხო მსოფლიოს სადარაჯოზე. ამ ერთობას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოებისა და კაცობრიობის მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია წერილში.
„გამუდმებით, ჩემი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების ყოველ ეტაპზე, ჩვენ ვგრძნობთ ამერიკელი ხალხისა და მის მთავრობის უზარმაზარ მხარდაჭერასა და თანადგომას. მსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური სწრაფვის ურყევ მხარდაჭერაში აშშ-ს განსაკუთრებული როლისათვის, რასაც ქართველი ხალხი უაღრესად აფასებს“, – აცხადებს მარგველაშვილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)