სააკაშვილი: ნაციონალური მოძრაობის ‘1-2 ახირებულ პერსონაჟთან, ვინც გამოგვიწერა დამარცხებები, არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს’
ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადრესატის დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ არ სურს რაიმე საერთო ჰქონდეს ნაციონალურ მოძრაობაში „1-2 ახირებულ პერსონაჟთან“, ვინც „გამოგვიწერა დამარცხებები“.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიაში დაპირისპირება აშკარა გახდა, როცა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს უმრავლესობამ უარყო პარტიის დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის მოწოდება ახალი საკანონმდებლო ორგანოსთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ და ყრილობისთვის მზადება დაიწყო შესაძლო ახალი თავმჯდომარის ასარჩევად. განსაკუთრებული სიმწვავით ეს უთანხმოება სოციალურ ქსელებში გამოჩნდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის მომხრეები მწვავედ დაუპირისპირდნენ პარტიის იმ წევრებს, რომელთაც პარლამენტში შესვლას დაუჭირეს მხარი და ისინი ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში და პარტიიდან სააკაშვილის ჩამოშორების მცდელობაში დაადანაშაულეს.
„იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს ჩვენ აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც პრაქტიკულად გამოგვიწერა დამარცხებები არა მხოლოდ წარსულში, არამედ უკვე წინასწარ აქვთ გამოცხადებული დამარცხება მომავალში, ამ ახირებულ 1-2 პერსონაჟთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობის შიგნით, ხალხმა მინდა იცოდეს, მე არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც თბილისის მიერ სხვადასხვა ბრალდებებით იძებნება, რასაც ის პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას უწოდებს.
ნაციონალური მოძრაობის გავლენიანმა წევრმა და არჩეულმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, მართალია არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას იყო თუ არა ის სააკაშვილის განცხადების უშუალო ადრესატი, მაგრამ განაცხადა, რომ ის კვალავაც იმ „მყარ აზრზე“ რჩება, რომ პარტია უნდა შევიდეს პარლამენტში.
„მე კარგად მესმის ჩემი ზოგიერთი თანაგუნდელის, ლიდერის თუ მხარდამჭერის ემოცია და გაღიზიანებაც კი, მაგრამ მე ვრჩები ჩემ ძალიან მყარ აზრზე, რომ მიუხედევად ძალადობრივი და არათავისუფალი არჩევნებისა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო მეორე ტურებში ბრძოლა, შედეგის მიუხედევად და პარლამენტში შესვლა ამ ისტორიულ მომენტში“, – განაცხადა ბოკერიამ 10 ნოემბერს.
„ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი პარტიის ინტერესებისთვის და საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიულად დამარცხების საქმისთვის“, – განაგრძო მან, „სწორედ ასევე მჯერა, რომ ქუჩაში პროცესების გადატანა ამ ძალადობის მიუხედევად, იქნებოდა უკეთეს შემთხვევაში ორთქლის გამოშვება და არაფერ კარგს არ მოუტანდა არც ქვეყანას ამ კონკრეტულ მომენტში, არც პარტიას და არც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საქმეს“.
სააკაშვილმა თავის Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეო-ინტერვიუში საუბრისას, განაცხადა, რომ უთანხმოების მთავარი საკითხი არის არა ის, რომ ნაციონალურ მოძრაობაში „სააკაშვილი კერპი უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს“, არამედ ის, რომ „ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შევირგეთ ეს გაყალბება“.
„იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, იმის მაგივრად, რომ ბრძოლისკენ და შეურიგებლობისკენ მოვუწოდოთ ამ ყველაფრის მიმართ და გვქონდეს ზუსტი ნათელი გეგმა, ამის მაგივრად სადღაც ხელების გაშვერა ხდება – თურმე პრობლემა არის სააკაშვილი“, – განაცხადა მან.
მან ასევე გააკრიტიკა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს უმრავლესობით 4 ნოემბერს მიღებული განცხადება, რომელიც, მისი თქმით, „აღქმულია, რომ თითქოს ისინი გმობენ და ემიჯნებიან საკუთარ მომხრეებს და საკუთარ აქტივისტებს“.
„მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, მათ პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და პირველ რიგში, ჩვენს მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ უკრაინაში ოპოზიციური მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომელმაც სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად 2015 წლის მაისში დანიშნა, მის ამ თანამდებობიდან გათავისუფლებას 9 ნოემბერს მოაწერა ხელი. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სააკაშვილის პოლიტიკურად გააქტიურება საქართველოს არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებას დაუკავშირეს.
„მე აქ ძალიან დიდ საქმეში ვარ უკრაინაში ჩაბმული, მე ვაპირებ აქ გამარჯვებას… მაგრამ ერთი წუთით არ ვწყვეტ ჩემ ქვეყანაზე ფიქრს“, -განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, რომელიც თითქმის წელიწადია, რაც საქართველოს მოქალაქე აღარ არის.
„ძალიან ნათელია – მე დავეხმარები ჩვენ ხალხს, ჩვენ აქტივისტებს, ჩვენ ვიბრძოლებთ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საქართველოში“, – აღნიშნა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ მისი მეუღლე სანდრა რულოვსი, რომელმაც მაჟორიტარულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის სიით პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, „გამოჩნდა, როგორც მაგარი ლიდერი“.
„ის არ გაჩერდება, არ ჩამოუშვებს ხელებს, გააგრძელებს ბრძოლას და ეს ბრძოლაც იქნება ჩვენ მომავალი საერთო გამარჯვების ნაწილი“, – დასძინა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)