გუბაზ სანიკიძემ „ეროვნული ფორუმი“ დატოვა
„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ის პარტიას ტოვებს, თუმცა პოლიტიკაში რჩება, რათა „აქტიური მონაწილეობა“ მიიღოს პარლამენტს მიღმა დარჩენილი ოპოზიციური სპექტრის საქმიანობაში.
„დღეს მე ვიღებ გადაწყვეტილებას დავტოვო ეროვნული ფორუმის რიგები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვტოვებ ქართულ პოლიტიკას“, – განაცხადა სანიკიძემ 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ გარკვეული პერიოდი სჭირდება კონსულტაციებისთვის, თუ რომელ ძალასთან გააგრძელებს თანამშრომლობას.
2006 წლის დეკემბერში დაფუძნებული „ეროვნული ფორუმი“ ხელისუფლებაში 2012 წლის ოქტომბერში ქართული ოცნების კოალიციის ფარგლებში მოვიდა და ეს გაერთიანება 2016 წლის აპრილში მას შემდეგ დატოვა, რაც არჩევნებისთვის კოალიციის დაშლა გამოცხადდა. ამ პარტიამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 0.73% ხმა მიიღო.
ქართული ოცნების ყოფილი კოალიციური პარტნიორებიდან გუბაზ სანიკიძე არ არის პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც თავისი პარტია ოქტომბრის არჩევნებში განცდილი მარცხის შემდეგ დატოვეს – „თავისუფალი დემოკრატები“ (საარჩევნო შედეგი 4.63%) დატოვეს პარტიის ექვსმა წამყვანმა წევრმა, ხოლო მისმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პოლიტიკური ტაიმაუტი აიღო; რესპუბლიკური პარტია (1.55%), რამდენიმე წევრის მსგავსად, დატოვა ასევე მისმა გამოკვეთილმა ლიდერმა და პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც ახალი პარტიის შექმნა დააანონსა; ხოლო მრეწველთა პარტიის (0.78%) თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ ის აქტიური პოლიტიკიდან მიდის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)