საია მთავრობას მოუწოდებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი „ნაჩქარევად“ არ გააუქმოს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საი) მთავრობას მოუწოდა, რომ „სიფრთხილით მოეკიდოს დიასპორასთან ურთიერთობის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან ინტერესებს“ და არ მიიღოს „ნაჩქარევი“ გადაწყვეტილება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების თაობაზე.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გასული თვის ბოლოს განაცხადა, რომ ახალი მთავრობის სტრუქტურული ოპტიმიზაციის კუთხით დიასპორის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანება იგეგმება. პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე შეუძლია სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება.
„დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც უარყოფითი გზავნილი საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ემიგრანტებისთვის და შთაბეჭდილებას ქმნიდეს, რომ დიასპორა თითქოსდა აღარ წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივ ამოცანას“, – აცხადებს საია, რომელიც გადაწყვეტილების მიღებამდე მთავრობას საჯარო კონსულტაციებისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციის მიერ 10 ნოემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, იმ პირობებში, როცა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საბიუჯეტო დაფინანსება 1.2 მლნ ლარია, ხოლო იქ დასაქმებული ადამიანების რიცხოვნობა 20-ს შეადგენს და ამავე დროს, „ბევრად დიდი თანხები იხარჯება სახელმწიფოს მხრიდან სათანადო დასაბუთების გარეშე სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში, გაურკვეველია, თუ რატომ აუქმებს სახელმწიფო სტრატეგიულად მნიშვნელოვან აპარატს“.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაადასტურა მთავრობის გეგმები დიასპორის სამინისტროს გაუქმების კუთხით მხრივ, თუმცა განაცხადა, რომ ეს მიმართულება ისეთივე პრიორიტეტად დარჩება, როგორც ეს აქამდე იყო.
„ეს თემა არ გაქრება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტების ნუსხიდან და საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაუდგება ამ საკითხის მართვას სათავეში“, – განაცხადა მან 11 ნოემბერს მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე საუბრისას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)