პრემიერ-მინისტრი ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეროვნული ვალუტის ბოლო დროინდელი გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში, იმპორტ-ექსპორტის ურთიერთმიმართებით ახსნა და განაცხადა, რომ მთავრობა „იმპორტის კორექტირებასთან“ ერთად, ლარის კურსის გამყარებისთვის ეროვნულ ბანკთან კოორდინაციაში ასევე გეგმავს „გარკვეული ახალი რეგულაციების“ შემოღებას.
ლარი დოლართან მიმართებაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად უფასურდებოდა და 12 ოქტომბერს არსებული 2.3365-დან 12 ნოემბრის მდგომარეობით 2.4899-მდე დაეცა, რაც ოდნავ ჩამორჩება 2.4985-იან რეკორდულ ნიშნულს, რომელიც 2016 წლის იანვრის ბოლოსთვის დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც 2014 წლის ნოემბრიდან ლარმა გაუფასურება დაიწყო.
ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე ინტერვენცია 12 ოქტომბრის შემდეგ, როცა ბოლოს 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, აღარ განუხორციელებია. 2016 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა 23 ინტერვენციის შედეგად სულ 240 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა და 278.35 მილიონი აშშ დოლარი იყიდა – შესყიდვა, ძირითადად, მარტის შუა პერიოდიდან აგვისტოს ბოლომდე, დოლართან მიმართებაში ლარის გამყარების პარალელურად ხდებოდა.
ოქტომბრის მდგომარეობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 2.760 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა; სექტემბერში ეს მაჩვენებელი 2.858 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო შარშან ოქტომბერში, დაახლოებით, 2.449 მლრდ აშშ დოლარი იყო.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის მთავრობაც ოპონენტების კრიტიკის სამიზნეა ეროვნული ვალუტის ბოლო დროინდელი გაუფასურების გამო, განაცხადა, რომ „ეს ქვეყანაში დადებითი პროცესით არის, პრინციპში, განპირობებული“.
„კურსის ცვლილებები, რაც მოხდა, არის განპირობებული იმითი, რომ იმპორტის რაოდენობა არის გაზრდილი ძალიან, ქვეყანაში მოხმარება გაიზარდა მნიშვნელოვნად; ექსპორტის მიმართულებით; რაოდენობრივად გაზრდილია ექსპორტი, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექსპორტო ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამო არის სწორედ ის, რაც ხდება“, – განუცხადა მან კვირას ჟურნალისტებს.
საქსტატის მიერ ორშაბათს საგარეო ვაჭრობის შესახებ გავრცელებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტმა 7%-ით დაიკლო და 1.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 31%-ით გაიზარდა და 8.249 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა – თუმცა C ჰეპატიტის მედიკამენტების გამოკლებით, იმპორტმა 5.85 მლრდ აშშ დოლარით შარშანდელთან შედარებით 2%-იანი კლება განიცადა და მედიკამენტების გარეშე უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.15 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. საერთო ჯამში, იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9.95 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინასწარი მონაცემებით, შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელზე 22%-ით მეტია.
„უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად კურსის დასტაბილურება მოხდება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა, „მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს ყველა ლოგიკით, რაც გვაქვს და ასევე, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება გარკვეული რეგულაციების კუთხით იმისათვის, რომ ჩვენ დავეხმაროთ ლარის დასტაბილურებას და გამყარებას“.
მან ამ „ახალი ნაბიჯების“ თაობაზე საუბარს ამ ეტაპზე თავი აარიდა, თუმცა განაცხადა, რომ ეს გეგმა „რამდენიმე დღეში“ ეროვნულ ბანკთან კოორდინაციაში გამოცხადდება.