მოსკოვი ნატო-საქართველოს მიმდინარე სამხედრო სწავლებას აპროტესტებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აპროტესტებს ნატო-საქართველოს მიმდინარე სამხედრო წვრთნებს და აცხადებს, რომ ამგვარ აქტიურობას „რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისადმი სერიოზულ საფრთხედ“ განიხილავს.

„ნატო არ მალავს, რომ არსებული სამხედრო პარტნიორობა თბილისთან განიხილება, როგორც რუსეთის „შეკავების“ პოლიტიკის ნაწილი. როლი, რომლის შესრულებასაც საქართველო მოცემულ კონტექსტში თავის თავზე იღებს, ართულებს რუსულ-ქართულ ურთიერთობების გაჯანსაღების პოზიტიურ პროცესს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 15 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„თავიანთი შეშფოთების შესახებ არაერთხელ განუცხადებიათ ასევე საქართველოს სხვა მეზობლებსაც – აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება და იქვე იხსენებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოში წევრობის დაპირებებმა თბილისს „რუს სამშვიდობოებსა და ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობაზე დანაშაულებრივი თავდასხმისკენ უბიძგა“ იმავე წლის აგვისტოში. 

კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ტერიტორიაზე ნატოს 11 წევრისა და 2 პარტნიორი ქვეყნის ჩართულობით 10-20 ნოემბერს სულ 250 სამხედრო გადის ერთობლივ სამეთაურო-საშტაბო სწავლებას, რომელიც მიზნად ისახავს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების გაძლიერებას.

აღნიშნავს რა, რომ ეს უკვე მესამე მრავალეროვნული სწავლებაა წელს საქართველოში მაისში გამართული „ღირსეული პარტნიორისა“ და სექტემბერში ჩატარებული Agile Spirit-ის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  “მიმდინარეობს საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მომზადების მასშტაბების და ინტენსიურობის გეგმაზომიერი ზრდა ნატოს სტანდარტების მიხედვით, ალიანსის სამეთაურო-საშტაბო სტრუქტურების აქტიური მონაწილეობით“.