ახალი პარლამენტის პირველი შეკრება პარასკევს გაიმართება
მეცხრე მოწვევის პარლამენტი პირველ შეკრებას 18 ნოემბერს 12 საათზე გამართავს, ნათქვამია განკარგულებაში, რომელიც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხუთშაბათს მას შემდეგ გამოსცა, რაც წინა დღეს ცესკომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.
ახალი პარლამენტის შეკრებისთანავე მოქმედ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება და ასევე უფლებამოსილება მოეხსნება მოქმედ მთავრობას, რომელსაც პრეზიდენტი მოვალეობის შესრულებას დააკისრებს ახალი მთავრობის ფორმირებამდე.
პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მიმართავენ სიტყვით.
პირველ სხდომას თავდაპირველად ქართული ოცნების სიით არჩეული უხუცესი დეპუტატი, 75 წლის რევაზ არველაძე გაუძღვება მანამ, სანამ დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევენ – ამ პოსტზე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, კონსტიტუციონალისტი 38 წლის ირაკლი კობახიძეა დასახელებული.
პირველ სხდომაზე პარლამენტი ძირითადად საკადრო გადაწყვეტილებებს მიიღებს – აირჩევს ვიცე-სპიკერებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს, ასევე ჩამოაყალიბებს ქართული ოცნების 115-წევრიან უმრავლესობას, ნაციონალური მოძრაობის 27-წევრიან უმცირესობას და ასევე ფრაქციებს. პატრიოტთა ალიანსი უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფი, სავარაუდოდ, ერთადერთი ფრაქცია იქნება 6 დეპუტატის შემადგენლობით.
- ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო თანამდებობებზე გადაწყვეტილება მიიღო
- ქართულმა ოცნებამ დარჩენილი ორი საპარლამენტო კომიტეტის მომავალი ხელმძღვანელები დაასახელა
- საპარლამენტო თანამდებობების უმრავლესობას ქართული ოცნების ახალი წევრები დაიკავებენ
საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების შემდეგ, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან ახალი მთავრობის ფორმირების პროცედურები დაიწყება.
ქართული ოცნება, როგორც არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია, პარლამენტის შეკრებიდან მაქსიმუმ 7 დღის ვადაში პრემიერ-მინისტრად კვლავ გიორგი კვირიკაშვილს შესთავაზებს პრეზიდენტს პარლამენტისთვის წარსადგენად. კვირიკაშვილი კი მინისტრთა კანდიდატურებს ასევე 7 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს, რომელსაც ამის შემდეგ ასევე მაქსიმუმ 7 დღე ექნება ახალი მთავრობისა და მისი პროგრამისთვის ნდობის გამოსაცხადებლად, რასაც მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
პრემიერ-მინისტრად წარდგენამდე გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც არჩეული დეპუტატია, რადგან ქართული ოცნების სიას ედგა სათავეში, პარლამენტი სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს. კვირიკაშვილს, რომელიც ახალ კაბინეტში გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს, მინისტრობის მომავალი კანდიდატურები ჯერ არ დაუსახელებია.
ახალარჩეული პარლამენტის სხდომის დანიშვნამდე, ჯერ კიდევ მოქმედმა სპიკერმა დავით უსუფაშვილმა, რომელიც ახალ პარლამენტს მიღმა დარჩა, თბილისის პარლამენტის შენობაში 17 ნოემბერს მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრთა პატივსაცემად საზეიმო მიღებას უმასპინძლა „საკანონმდებლო ხელისუფლების უწყვეტობის და მემკვიდრეობითობის აღსანიშნავად“.