პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წამოაყენა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურად წამოაყენა – ახლა კვირიკაშვილმა უნდა წარადგინოს მისი მომავალი კაბინეტის შემადგენლობა.
შესაბამის განკარგულებას გიორგი მარგველაშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წარდგინების საფუძველზე მოაწერა ხელი 18 ნოემბერს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღეს.
იმავე დღეს პრეზიდენტმა მოქმედ მთავრობას, რომელსაც ახალი პარლამენტის პირველი შეკრების გამო უფლებამოსილება მოეხსნა, მოვალეობის შესრულება დააკისრა ახალი მთავრობის ფორმირებამდე.
გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც საარჩევნო სიის ლიდერობის გამო ჯერ ისევ არჩეული დეპუტატია, 19 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მინისტრების კანდიდატურებს ორშაბათს დაგეგმილ ბრიფინგზე წარადგენს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა საკადრო გადაადგილებებს განახორციელებს კვირიკაშვილი, თუმცა მას წინასწარ ნათქვამი აქვს, რომ ცვლილებები ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებს არ შეეხება.
მომავალ მთავრობაში ამ ეტაპზე ერთადერთი სტრუქტურული ცვლილების შესახებ არის დადასტურებული ცნობა – დიასპორის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანდება დეპარტამენტის სტატუსით, რომელსაც აღარ უხელმძღვანელებს ამჟამინდელი სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, რომელიც საქმიანობას, როგორც პრემიერმა კვირიკაშვილმა თქვა, დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს.
პარლამენტის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარასკევს განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო, რომელშიც ქართული ოცნება 116-წევრიანი საკონსტიტუციო უმრავლესობით არის წარმოდგენილი, ახალი მთავრობისა და მისი პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მომავალ კვირას იმსჯელებს. მთავრობის დამტკიცებას სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
იმავდროულად, პარასკევს ქუთაისის პარლამენტში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტს, პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შორის, სადაც ინსტიტუტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს.