იუნესკომ ქართული ანბანის სამი სახეობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა

ქართული ანბანის სამი სახეობა  – მრგვლოვანი, ნუსხური, მხედრული – იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.

ეს გადაწყვეტილება 30 ნოემბერს, ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მე-11 სესიაზე მიიღო, რასაც საქართველოს მთავრობა მიესალმა, როგორც „მაღალი კულტურის მქონე ქვეყნის იმიჯის განმტკიცებას საერთაშორისო დონეზე“.

ნომინაცია „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა", რომლის მთავარი მიზანიც იყო ქართული დამწერლობის სისტემური ევოლუციის შედეგად შექმნილი სამი სახეობის ანბანის ჰარმონიული თანაარსებობის ხაზგასმა თანამედროვე რეალობაში, იუნესკოს განსახილველად 2015 წელს წარედგინა და ის მესამე ქართული არამატერიალური ძეგლია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში მოხვდა. მანამდე 2013 წელს იუნესკომ ამ სიაში ქართული ტრადიციული ქვევრი, ხოლო 2008 წელს ქართული პოლიფონიური სიმღერა შეიტანა.