პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრი დაამტკიცა

პარლამენტმა პირველ დეკემბერს ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრი დაამტკიცა, რომელთა კანდიდატურებიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა წარადგინა.

საბჭოში, რომელიც ეროვნული ბანკის მმართველი ორგანოა, მეორე 7 წლიანი ვადით იქნა არჩეული ეროვნული ბანკის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.

7-წევრიან საბჭოში დარჩენილი ორი ვაკანტური ადგილი დაიკავეს საბანკო სექტორში 24-წლიანი მუშაობის გამოცდილების მქონე მურთაზ კიკორიამ, რომელიც 2016 წლის სექტემბრამდე ქვეყნის უმსხვილესი ბანკის „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო; და რობერტ ჰენდრი სინგლეტერმა,  რომელიც 2008 წლიდან მრჩევლის რანგში ჩართულია საქართველოში სხვადასხვა პროექტებში და ასევე იყო მსოფლიო ბანკის, აშშ-ის განვითარების სააგენტოს, ასევე დღემდე აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტების საფინანსო სექტორის მრჩეველი სხვადასხვა ქვეყნებში.