ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი ე.წ. შეჩერების მექანიზმთან ერთად ამოქმედდება
ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლები 13 დეკემბერს გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი ე.წ. შეჩერების მექანიზმთან ერთად ამოქმედდება მას შემდეგ, რაც საქართველოსთან დაკავშირებული განახლებული საკანონმდებლო წინადადება ყველა შესაბამის პროცედურას გაივლის.
ვიზალიბერალიზაციის მარტივი და სწრაფი შეჩერების მექანიზმს ევროპარლამენტი 14 დეკემბერს განიხილავს და 15 დეკემბერს კენჭს უყრის პლენარულ სხდომაზე, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ამ განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლის ვადაც განისაზღვრება.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას, სამმხრივ ფორმატში შესაბამის რეგულაციაში შეთანხმებული ცვლილებების საბოლოო ტექსტს ესაჭიროება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის (COREPER) და ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტის (LIBE) დამტკიცება, რაც ევროპარლამენტის პრესრელიზის თანახმად, სავარაუდოდ იანვარში მოხდება.
„ევროპარლამენტარების თხოვნით, სლოვაკეთის თავმჯდომარეობამ პირობა დადო, რომ მიწერს მათ კვირის ბოლოს, სადაც დაუდასტურებს, რომ საბჭო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაჩქარდეს საქართველოს თაობაზე მიღწეული შეთანხმების პროცედურები“, – ნათქვამია ევროპარლამენტის პრესრელიზში.
LIBE-ს კომიტეტსა და COREPER-ის მიერ დამტკიცების შემდეგ, რაც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ამ სტრუქტურების მიერ მიღებული უკვე მეორე გადაწყვეტილება იქნება, შესაბამისად, 5 სექტემბერს და 5 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მხარდაჭერის შემდეგ, საკითხს უკვე ევროპარლამენტი უყრის კენჭს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს კენჭისყრა სავარაუდოდ უახლოეს პლენარულ სესიაზე შედგება, რის შემდეგაც განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე. ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის შესაბამისი წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ კი რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში და ის ძალაში ე.წ. შეჩერების განახლებული რეგულაციის ამოქმედებასთან ერთად შევა.
„იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში)“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სამმხრივ ფორმატში 13 დეკემბერს მიღწეული შეთანხმების შემდეგ, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა მარია გაბრიელმა განაცხადა: „ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების საბოლოო ფაზაში შევდივართ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს შეთანხმების მიღწევა, რათა წინ წავიწიოთ შეჩერების მექანიზმის გადახედვასთან პარალელურ რეჟიმში და მზად ვიყოთ მისი პარალელურად ამოქმედებისთვის. მოხარული ვარ, რომ საბჭომ მხარი დაუჭირა ჩვენს მზადყოფნას, რომ დაპირება რაც შეიძლება სწრაფად შევასრულოთ“.
„მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირთან დასაახლოებლად კეთდება – როგორც მათი გადაადგილების, ისე პოლიტიკური გეზის თვალსაზრისით“, – აღნიშნა მან.