მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-ზე უცვლელად დარჩა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 6.5%-ზე დატოვა.

„საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები სუსტია. თუმცა, ბოლო პერიოდის საგარეო შოკების გადმოცემისა და აქციზის გადასახადის დაგეგმილი ზრდის შედეგად, მოსალოდნელია ფასების ერთჯერადი ზრდა, მაგრამ ამ ფაქტორს ინფლაციური მოლოდინების შეზღუდვის პირობებში მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა ექნება ინფლაციის მაჩვენებელზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას მოკლევადიან პერიოდში“, – განაცხადა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 14 დეკემბერს გამართული სხდომის შემდეგ.

წლიური ინფლაციის დონემ ნოემბერში 0.2% შეადგინა, რაც 2016 წლის მიზნობრივ 5%-იან მაჩვენებელზე ბევრად ნაკლებია. ეროვნული ბანკის განცხადებით, „დაბალი ინფლაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ჯგუფებზე წინა პერიოდებში შემცირებულ ფასებთან ერთად, სუსტი ერთობლივი მოთხოვნაა“.

„ბოლო პერიოდში გაძლიერდა საგარეო შოკების გადმოცემა საქართველოს ეკონომიკაზე. დოლარის გლობალურმა გამყარებამ, ევროსა და თურქული ლირის გაუფასურება, მოლოდინებითა და სავაჭრო არხებით აისახა აშშ დოლარის მიმართ ლარის გაცვლით კურსზე. მეორე მხრივ, პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა ექსპორტის მიმართულებით. ბოლო თვეების განმავლობაში საქონლის ექსპორტი წლიურად იზრდება. ასევე ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ტურისტული შემოსავლებისა და ფულადი გზავნილებიდან“, –  ნათქვამია განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 2015 წლის თებერვლიდან დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი გასული წლის მანძილზე ეტაპობრივად გაიზარდა 2015 წლის დასაწყისში არსებული 4%–დან 8%–მდე გასული წლის ბოლოსთვის. 2016 წლის პირველი სამი თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთი 8%–ზე უცვლელი რჩებოდა, ხოლო აპრილიდან მისი ეტაპობრივი შემცირება დაიწყო და სექტემბერიდან 6.5%-იან ნიშნულზეა შენარჩუნებული.   

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთზე მომავალ გადაწყვეტილებებში ინფლაციის მოლოდინის განმსაზღვრელი ფაქტორების დინამიკას გაითვალისწინებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 25 იანვარს შედგება.