ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია აფხაზური ოპოზიციისთვის თანამდებობების შეთავაზებით დასრულდა
სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერის რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციური ძალების საპროტესტო აქცია, რომლის პარალელურადაც სოხუმში 15 დეკემბერს სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლების მხარდამჭერი კონტრაქციაც გაიმართა, მას შემდეგ დასრულდა, რაც ხაჯიმბამ მართალია უარყო მისი გადადგომის მოთხოვნა, თუმცა ოპონენტებთან მოლაპარაკებებზე ოპოზიციას მაღალი თანამდებობების დაკავება შესთავაზა.
შეთავაზებულ თანამდებობებს შორის, "აფსინიპრესის" ცნობით, არის ვიცე-პრემიერის, გენერალური პროკურორის პოსტები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში ორი, ხოლო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოთხი ადგილი ოპოზიციისთვის.
სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ ის იქნება გარანტორი იმ შეთანხმების შესრულებისა, რომელსაც „საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტაბილურობის“ შესახებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მოაწერენ სავარაუდოდ ხელს.
„ჩვენ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და [ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან] ასლან ბჟანიასთან ერთად მოვამზადებთ ამ დოკუმენტს“, – განაცხადა, „აფსნიპრესის“ თანახმად, ბგანბამ 16 დეკემბერს ბრიფინგზე მხარეებს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე საუბრისას.
პარასკევს შუაღამისას მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რაულ ხაჯიმბამ მის ადმინისტრაციასთან შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ მისი აზრით, "დაპირისპირება დასრულდება".
„არის საკითხები, რომლებსაც ჩვენ დავთანხმდებით და არის ისეთებიც, რომლებზეც დათანხმება არ შეიძლება. მაგრამ მთავარი შედეგია, რომ ჩვენ შევძელით ყველა საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტა“, – განაცხადა მან მიტინგზე.
მანამდე ხაჯიმბამ კატეგორიულად უარყო ოპოზიციის მოთხოვნა მისი გადადგომის თაობაზე. „მინდა ყველამ გაიგოს: პრეზიდენტის გადადგომა არ მოხდება“, – განაცხადა მან.
თავის მხრივ ასლან ბჟანიამ, რომელიც ოპოზიციური გაერთიანებების ბლოკში შემავალი ფონდის „აპრას“ ლიდერია და 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხაჯიმბას მთავარი კონკურენტი იყო, ოპოზიციური აქციის მონაწილეებს, როგორც სააგენტო „სპუტნიკ აფხაზია“ იტყობინება, განუცხადა, რომ ხელისუფლებასთან ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა გარკვეული შედეგი გამოიღო და მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს, რომელთა 14-საათიანი აქციაც ამის შემდეგ შუაღამისას დასრულდა.
ეს აქცია ოპოზიციური პარტია "ამცახარას" ყრილობაზე ოპოზიციურმა ძალებმა 30 ნოემბერს დააანონსეს იმ შემთხვევაში, თუ გადადგომის თაობაზე ხაჯიმბა მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები არ დაინიშნებოდა. ხაჯიმბას მხარდამჭერმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ვითარების შესაძლო დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა ოპოზიციას, რომელიც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე რეფერენდუმს გაზაფხულზეც ითხოვდა, თუმცა როცა ივნისში ხაჯიმბამ მათი ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, მას ოპოზიციამ საპროტესტო გამოსვლების ფონზე ბოიკოტი გამოუცხადა და საბოლოოდ, რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ჩაიშალა.
1 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერი რაულ ხაჯიმბა შიდა პოლიტიკური სტაბილურობის საჭიროებაზე გააფრთხილა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)