ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები დაინიშნენ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ვიცე-პრეზიდენტებად არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია დანიშნა, იტყობინება ეროვნული ბანკი 23 დეკემბერს.
არჩილ მესტვირიშვილმა ეს თანამდებობა შეინარჩუნა მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად მეორე 7-წლიანი ვადით პარლამენტმა 1 დეკემბერს აირჩია. ამავე დღეს იქნა საბჭოს ახალ წევრად არჩეული მურთაზ კიკორიაც, რომელიც 2016 წლის სექტემბრამდე ქვეყნის უმსხვილესი ბანკის, „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო.
ვიცე-პრეზიდენტების დანიშვნას წინ უძღოდა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში 16 დეკემბერს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების დანიშვნის უფლება ჩამოერთვა. ახალი წესის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო.