სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მიღებულია
პარლამენტმა 29 დეკემბრის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ სახელწოდებით ცნობილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, 2018 წლიდან სასამართლოებში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის სრულად დანერგვას ითვალისწინებს.
იუსტიციის სამინისტროს ავტორობით 2015 წლის ივლისში ინიცირებულმა 8 კანონპროექტისგან შემდეგრმა ამ პაკეტმა ხანგრძლივი განხილვების შემდეგ მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, მათ შორის მას შემდეგაც, რაც 28 დეკემბერს პარლამენტმა მისი მეორე მოსმენაზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და იმავე დღეს განხილვის შედეგად მეორე მოსმენით ხელახლა უყარა კენჭი.
საბოლოო ვარიანტის თანახმად, რაიონულ, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეები განაწილდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით. თუმცა ელექტრონული სისტემის შეფერხების შემთხვევაში, ასევე დასაშვებია საქმეების შემოსვლის რიგითობისა და მოსამართლეთა ანბანური რიგითობის მიხედვით მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილებაც. ინიციატორთა განცხადებით, ელექტრონული განაწილების წესის დანერგვა მინიმუმამდე დაიყვანს იმ პრაქტიკას, როცა გახმაურებული საქმეები სასურველი მოსამართლეების ხელში ხვდებოდა.
მიღებული ცვლილებების თანახმად, ეს სისტემა, რომლის პროგრამულ უზრუნველყოფაზეც მუშაობა იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოსთან ერთად 2016 წლის ზაფხულში დაიწყო, საპილოტე რეჟიმში თავდაპირველად რუსთავის სასამართლოში 2017 წლის 1 ივლისიდან დაინერგება და ყველა სასამართლოს ის წლის ბოლომდე მოიცავს.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც კანონპროექტში მისი მიღების წინ განხორციელდა, ეხება უვადოდ დანიშვნამდე გარკვეული მოსამართლეებისთვის 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესებისგან გათავისუფლებას.
კერძოდ, საბოლოო რედაქციით, როგორც მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან და იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, ისე 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნისგან თავისუფლდებიან საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს ის მოქმედი და ყოფილი წევრები, რომელთაც ამ თანამდებობებზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ. ეს პრივილეგია მოსამართლეობის სხვა მსურველებზე არ ვრცელდება და მათ თანამდებობის დაკავება ამ საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული ახალი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შედეგად კონკურსის გზით მოუწევთ.
ქართული ოცნების დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის კითხვა, წარმოდგენილი ცვლილება აძლევს თუ არა საშულებას გამოსაცდელი ვადის გარეშე მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე, 29 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე მომხსენებელმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ უპასუხოდ დატოვა. მურუსიძე უზენაეს სასამართლოში გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე იყო და შარშან დეკემბრის სადავო გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოში 3-წლიან საპრობაციო ეტაპს გადის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის წინ.
კანონში უცვლელი დარჩა სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეთა არჩევის წესი და მათ 5 წლის ვადით კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დანიშნავს. ეს საკითხი დავის საგანს წარმოადგენდა. ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი თავმჯდომარეთა წილისყრით გამოვლენას ითხოვდა, რაც მისმა თანაგუნდელებმა არ გაიზიარეს.
ეს დებულება კანონპროექტის განხილვის ყოველ ეტაპზე განიცდიდა ცვლილებას. თავდაპირველად შემოთავაზებული იყო, რომ მოსამართლეებს ფარული კენჭისყრით თავად აერჩიათ სასამართლოს თავმჯდომარეები 3 წლის ვადით, თუმცა პირველი მოსმენის დროს ეს შეიცვალა იმგვარად, რომ მოსამართლეების მიერ შეთავაზებული სამი კანდიდატიდან თავმჯდომარე იუსტიციის საბჭოს უნდა შეერჩია და დაენიშნა. თუმცა, საბოლოოდ, არც ეს წესი არ ასახულა კანონპროექტში და მოქმედი დებულება თითქმის უცვლელი დარჩა იმ დამატებით, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ასევე მიენიჭა უფლება, რომ თავმჯდომარედ თავისი უფლებამოსილების ვადით დაამტკიცოს 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესებული ის მოსამართლე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება აქვს.
ამავე პაკეტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა არანაკლებ 16 წევრით განისაზღვრა. თუმცა საჭიროების შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს პლენუმს ამ რაოდენობის გაზრდის საშუალება ექნება. ამჟამად მოქმედი წესით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობას პლენუმი განსაზღვრავს და არა კანონი.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიესალმა ამ „ძალიან მნიშვნელოვანი“ ცვლილებათა პაკეტის მიღებას, რომელიც „უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებას“. პარლამენტის ოპოზიციური ჯგუფები 28-29 დეკემბრის განხილვებში აქტიურად არ ჩართულან.
მიღებული ცვლილებები კანონის სახეს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოაწერს ხელს.