საქართველო სირიას 100 000 აშშ დოლარს გამოუყოფს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველო სირიის დასახმარებლად 100 000 აშშ დოლარს გამოყოფს.

„პრემიერ–მინისტრი და საქართველოს მთავრობა მყისიერად გამოეხმაურა იმ ჰუმანიტარულ კრიზისს, რომლის მომსწრენიც ჩვენ ყველანი ერთად გავხდით სირიაში. მან გამოთქვა მზაობა დაეხმაროს იმ ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ამ სიტუაციაში“, – აღნიშნა ჯანელიძემ 29 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენ ამის შემდეგ გვქონდა აქტიური კონსულტაციები გაეროსთან და ყველა გზები გამოვიკვლიეთ, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ჰუმანიტარული დახმარების გაწევა და საბოლოო ჯამში შეთანხმდა, რომ ჩვენ გავუწევთ ფინანსურ დახმარებას 100 ათასი დოლარის ფარგლებში გაეროს სპეციალიზირებული ფონდის მეშვეობით, რომელიც შემდეგ უკვე ახდენს ჰუმანიტარული დახმარების გაწევას და ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსებას სირიაში მყოფი დაზარალებული პირებისთვის“, – აღნიშნა ჯანელიძემ. 

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 17 დეკემბერს ალეპოში შექმნილ სიტუაციაზე საუბრისას გამოთქვა სურვილი „იქ ძალიან დიდ განსაცდელში მყოფი ბავშვებისთვის“ ჰუმანიტარული დახმარების გაეროს მეშვეობით გაწევის თაობაზე.  

19 დეკემბერს ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტს ალეპოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადების პროექტი წარუდგინა, სადაც მიმდინარე პროცესებში „რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკურ ჩარევა“ დაგმო და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას  „შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება სირიის არაბთა რესპუბლიკის მშვიდობიან მოსახლეობას და მიიღოს დევნილები სირიიდან“. ოპოზიციონერი დეპუტატები ამ ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას წელსვე ითხოვდნენ, რასაც პარლამენტის ბიუროს  უმრავლესობა არ დაეთანხმა იმ მოტივით, რომ საკითხი სკურპულოზურ განხილვას საჭიროებს და მიმდინარე კვირაში რიგგარეშე სხდომა ამ საკითხის განხილვის გარეშე დახურა.