საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობისთვის 5 კანდიდატი განაგრძობს ბრძოლას
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტის დასაკავებლად 5 კანდიდატი განაგრძობს კონკურსის მეორე ტურში ბრძოლას, სამეურვეო საბჭოს მიერ 3 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად.
ეს კანდიდატები არიან:
- თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციების დირექტორი, რომელიც ამჟამად გენდირექტორის მოვალეობას ასრულებს;
- ნათია კუპრაშვილი – საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაციის დირექტორი;
- ვასილ მაღლაფერიძე – ყოფილი დეპუტატი და 2005-2008 წლებში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, რომელიც 2016 წლის სექტემბერმდე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს გენერალური პროდიუსერი იყო;
- ზაალ ანჯაფარიძე – ევროპის ფონდში სამოქალაქო საზოგადოების პროგრამების უფროსი მენეჯერი;
- ნინო ზაუტაშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის დიდი ხნის ჟურნალისტი, რომელსაც 2013 წლიდან პირველ არხზე საზოგადოებრივ-სოციალური თოქ-შოუ მიყავს.
ეს კანდიდატები სამეურვეო საბჭომ 3 იანვარს ფარული კენჭისყრით გამოავლინა; მათთან გასაუბრება 4-5 იანვარს გაიმართება, რის შედეგადაც, საბჭო გამარჯვებულს, სავარაუდოდ, 6 იანვარს დაგეგმილ სხდომაზე გამოაცხადებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტი ვაკანტური 21 ნოემბრიდან გახდა, როცა ყოფილმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა თავისი 6-წლიანი ვადის ამოწურვამდე ორი წლით ადრე თანამდებობა დატოვა.
ახალი დირექტორის შესარჩევი კონკურსი 28 ნოემბერს გამოცხადდა, ხოლო განაცხადების მიღების ვადა 28 დეკემბერს ამოიწურა. თავდაპირველად კონკურში მონაწილეობაზე განაცხადი 15-მა კანდიდატმა შეიტანა, თუმცა საბოლოოდ კონკურსანტების რაოდენობა 14-მდე შემცირდა (არასრული დოკუმენტაციის გამო ბაჩუკი ბახტაძის გამოკლების შედეგად). 3 იანვრის კენჭისყრის შედეგად, 9 კანდიდატი კონკურსს გამოეთიშა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)