„რუსთავი 2“–ის დირექტორზე თავდამსხმელი დაკავებულია
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 7 დეკემბერს თბილისის ერთ–ერთ რესტორანში თავს დაესხნენ; ფაქტის გახმაურების შემდეგ, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა წარსულში აქტიური პოლიტიკოსის ლევან გაჩეჩილაძის შვილმა, რატი გაჩეჩილაძემ აიღო, რომელიც პოლიციაში გამოცხადების შემდეგ დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 იანვარს განაცხადა, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც ძალადობის შემთხვევებს ეხება და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
გვარამია, რომელმაც ინციდენტის შედეგად, ექიმის ცნობით, ქალა–ტვინის დახურული ტრამვა, ტვინის შერყევა და რბილი ქსოვილის დაზიანებები მიიღო და მკურნალობას სახლში აგრძელებს, წაყენებულ ბრალს აპროტესტებს, როგორც „არაადეკვატურს“, რადგან მისი თქმით, თავდასხმას ჯგუფური ხასიათი ჰქონდა.
„თუ ჩემ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს მოტივი არ ქონდა, მაშინ ჯგუფური ხულიგნობაა. თუ მოტივი ჩემი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობაა, მაშინ სიძულვილის დანაშაულია და დევნა ძალის გამოყენებით“, – აღნიშნა გვარამიამ.
მანამდე მან თავის Facebook-ზე მომხდართან დაკავშირებით დაწერა: „შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა“. მისი თქმით, მან იმ დღეს მამა დაკრძალა და მიღებული სტრესის გამო „იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი“.
„პირობას ვდებ, არ მივიღებ არავითარ ბოდიშს და მეტანიებს. ნულოვანი ტოლერანტობა. არც მეტი, არც ნაკლები, საფლავის კარამდე ჩავყვები და ვაზღვევინებ ბოლომდე… პირობას ვდებ, მათ ფეხ ქვეშ მიწა დაიწვება“, – წერდა გვარამია თავის ემოციურ პოსტში, ჯერ კიდევ მანამ, სანამ რატი გაჩეჩილაძემ 7 იანვარს გვიან ღამით Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღიარებდა, რომ თავდასხმა მან განახორციელა.
„ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room-ში მოხდა, იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან“, – დაწერა რატი გაჩეჩილაძემ. მისი მამა, ლევან გაჩეჩილაძე 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იყო და ის მიხეილ სააკაშვილმა დაამარცხა. იმ პერიოდში გვარამია, რომელიც სააკაშვილის ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.
ინციდენტის კომენტირებისას ლევან გაჩეჩილაძემ უთხრა „რუსთავი 2“–ს: „რატომ უნდა დაიჭირონ, ხელის დარტყმისთვის? ემოციის კონტროლი შეუძლებელია იმ განვლილი წლების შემდეგ, რა წლებიც მე და ჩემმა მეგობრებმა და ოჯახმა გაიარა, ნიკა გვარამია ერთერთი სათავე იყო ბოროტების და დღემდე არის, ეს ანგარიშსწორება არ ყოფილა, ანგარიშსწორება არის როცა დაგეგმავ, და როცა შემთხვევით გადაეყრები, ეს სხვა რამე არის, პატარა სილას ააწნი, ეს ანგარიშსწორება არ არის; ბოდიში გვარამიამ მოუხადოს მთელ საქართველოს“.
რატი გაჩეჩილაძის ადვოკატის განცხადებით, ინციდენტი პროვოცირებული იყო, რასაც გვარამია და ადგილზე მყოფი მისი მეგობრები კატეგორიულად უარყოფენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)