მთავრობას „გაზპრომთან“ დაგეგმილი ახალი ხელშეკრულების გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ

კოალიცია "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომთან“ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სატრანზიტო ხელშეკრულების ახალი პირობები „აუარესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას“.

11 იანვარს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომ ექსპორტის“ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა დათანხმდა მათ შემოთავაზებას რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის ახალ პირობებთან დაკავშირებით და გადაწყვიტა 2-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირის საფასურის ეტაპობრივ მონეტიზაციას გულისხმობს და არა გატარებული მოცულობის 10%-ის აირის სახით მიღებას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. 

„ახალი პირობები აუარესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ხოლო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი არ არის“, – ნათქვამია კოალიციის მიერ 12 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

23 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია დაგეგმილი ხელშეკრულების კონკრეტულ დეტალებზე მეტი ინფორმირების მიზნით ახალი ხელშეკრულების გასაჯაროებისკენ და პარლამენტში სპეციალური მოსმენის გამართვისკენ მოუწოდებს.

კოალიცია ამ საკითხზე შარშანდელ „მწვავე დისკუსიასაც“ იხსენებს, როცა „სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების ერთსულოვანი უარყოფითი შეფასების შედეგად კონტრაქტის პირობები უცვლელი დარჩა“ და მეტიც, მათ ენერგეტიკის სამინისტროში „აღუთქვეს“, რომ „ყველაფერს გააკეთებდნენ კონტრაქტის არსებული პირობების შესანარჩუნებლად“.

„ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ მთავრობის მხრიდან აუცილებელია დამატებითი განმარტების წარმოდგენა შემდეგ საკითხებზე: რა შეიცვალა გასული წლის შემდეგ, მაშინ როდესაც ეს პოზიცია მიუღებელი იყო მთავრობისთვის შარშან? რატომ უნდა მოხდეს სეზონური დეფიციტის სწორედ რუსული გაზით შევსება? რა ნაბიჯები გადაიდგა ერთი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ სეზონური დეფიციტის გათვალისწინებით, დამატებითი მოცულობების უზრუნველყოფის   საკითხი განხილულიყო სხვა მომწოდებლებთან ? შეესაბამება თუ არა გაზის ტრანზიტის საფასური ენერგოგაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად დათვლილ საფასურს, და დამტკიცებულია თუ არა  საფასური სემეკის მიერ? რამდენად იყო მოლაპარაკებები უზრუნველყოფილი სტრატეგიული საექსპერტო  გათვლებით  და იყვნენ თუ არა ჩართული საერთაშორისო პარტნიორები იმისათვის, რომ მიგვეღო საუკეთესო პირობები?“ – ამ კითხვებით მიმართავს კოალიცია მთავრობას.

კალაძემ ახალ პირობებზე საუბრისას ტრანზიტის საფასურის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა განაცხადა, რომ ის „იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ევროპის ქვეყნებს შორის“. მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულება რუსული ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის მიღების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს „შემცირებულ ფასად“ – 185 აშშ დოლარად 1 000 კუბურ მეტრზე. ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გვახარიამ განმარტა, რომ ხელშეკრულება არ ავალდებულებს ქვეყანას დამატებითი გაზის უშუალოდ რუსეთიდან მიღებას და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გაზს საქართველო მისი მთავარი მომწოდებლისგან, აზერბაიჯანიდან ვერ მიიღებს.  

ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება „ბუნდოვანი“ განცხადებების გამო იმ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც პარტიის შეფასებით,  „წამგებიანია ფინანსურად და სახიფათოა პოლიტიკურად“.

„2016 წლის ბოლოს საკონსტიტუციო უმრავლესობით ხიბლში ჩავარდნილმა ხელისუფლებამ, ამ საკითხში, ისევე როგორც უკვე სხვა ბევრ მნიშვნელოვან საკითხში, საზოგადოებასთან შეუთანხმებლად და ურთიერთშეუსაბამო განცხადებების გავრცელებით საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი დაგვაყენა ფაქტის წინაშე – რუსულ მხარეს შეუთანხმდა 2 წლიანი ხელშეკრულების დადებაზე, რომლის დეტალებზე ხელისუფლება არც გვესაუბრება“, – ნათქვამია რესპუბლიკელების 11 იანვრის განცხადებაში.

პარტია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას უპასუხოს, თუ რამ გამოიწვია პოზიციის შეცვლა მას შემდეგ, რაც „გაზპრომ ექსპორტის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დასაწყისში კალაძე ფინანსურს ანაზღაურებაზე გადასვლის წინააღმდეგი იყო, რა შემოსავალს მიიღებს ბიუჯეტი ტრანზიტიდან, რატომ იდება ხელშეკრულება 2 წლით, როცა ის მანამდე ყოველწლიურად ფორმდებოდა და რას ნიშნავს ენერგეტიკის მინისტრის განცხადება, რომ „პირველი წელი იქნება ნაწილობრივ ფინანსური და ნატურით გადახდილი და მეორე წელი მთლიანად ფინანსური“.

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ასევე გააკრიტიკეს მოსალოდნელი შეთანხმება, როგორც „კაპიტულანტური“ და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის „ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება“ უწოდეს.