საქართველოს ოფიციალური პირების თქმით, აფხაზეთი ენერგომომარაგების პრობლემის წინაშეა
საქართველოს ოფიციალური პირები თებერვლის ბოლოდან სეპარატისტული აფხაზეთის სრულ ჩაბნელებას პროგნოზირებენ იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება რეგიონის ენერგომოხმარების შემცირება ან ენგურის ჰიდროელექტროსადგურის გარდა სხვა წყაროებიდან დამატებითი მიწოდების უზრუნველყოფა.
როდესაც ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს 11 იანვარს ამ საკითხის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ „უახლოეს მომავალში“ აფხაზურ მხარესთან შეხვედრას გეგმავს.
„პრობლემები ნამდვილად არის ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით … გვექნება საუბარი ამ კონკრეტულ საკითხზე, თუმცა როგორც შარშან, ალბათ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს პრობლემა იქნეს მოგვარებული და ელექტროენერგიის თვალსაზრისით პრობლემები არ შეექმნათ“, – განაცხადა კალაძემ, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა აფხაზეთში ენერგოდეფიციტის აღმოსაფხვრელად მთავრობის მიერ 2016 წლის თებერვალში მიღებული გადაწყვეტილება რუსული ელექტროენერგიის იმპორტის თაობაზე.
„ეს წყალი საკმარისი იქნება დაახლოებით 20 თებერვლამდე, მერე არ ვიცი რა იქნება. თუ არ განახორციელა აფხაზურმა მხარემ იმპორტი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ან მანამდე უნდა გააკეთონ შეზღუდვები, რომ რამენაირად ეს წყალი საკმარისი იყოს აპრილის პირველ კვირამდე“, – განაცხადა შპს „ენგურჰესის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან მებონიამ 11 იანვარს.
სეპარატისტული აფხაზეთი მთლიანად ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, რომლის 271.5 მეტრი სიმაღლის ბეტონის თაღოვანი კაშხალი ადმინისტრაციული საზღვრის თბილისის კონტროლირებად მხარეს მდებარეობს, ხოლო მისი ხუთი გენერატორი გალის რაიონში სეპარატისტული აფხაზეთის მხარესაა; შედეგად, ორ მხარეს უკვე წლებია თანამშრომლობა უწევთ რეგიონის უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის უზრუნველსაყოფად.
თბილისსა და სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხმების თანახმად, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთში მიდის, ხოლო 60%-ს დანარჩენი საქართველო იღებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველომ აფხაზეთს 1,797.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მიაწოდა, რაც საქართველოს მთლიანი მოხმარების 17.31%-ს შეადგენდა; 2014 და 2013 წლებში აფხაზეთს 1,638 მლნ კვტ.სთ (16.11%) და 1,605 მლნ კვტ.სთ (16.57%) მიეწოდა, შესაბამისად.