ჩინური კომპანია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შეძენით დაინტერესდა
უმსხვილესი ჩინური კომპანია CEFC China Energy Company Limited-ი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 75%-იანი წილის შეძენის საკითხს განიხილავს, განაცხადა საქართველოს მთავრობამ მას შემდეგ, რაც ამ ჩინურ კომპანიასთან პროექტ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
„ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივების გაძლიერების შესახებ“ მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკის მინისტმა გიორგი გახარიამ და CEFC China Energy Company Limited-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟიანჟუნ ჟანგმა 16 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თანდასწრებით მოაწერეს ხელი.
„მემორანდუმის მიზანია ერთობლივი ინიციატივების განხორციელებით ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალის რეალიზაციის ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც უმსხვილესი კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ის მიერ შპს „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 75%-იანი წილის შეძენა განიხილება“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში დეტალების დაკონკრეტების გარეშე.
„კომპანია ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემდგომ განვითარებას – ჩინეთის განვითარებული ინდუსტრიული ზონების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით და გადამამუშავებელი წარმოების, თანამედროვე ტექნოლოგიების, სასაწყობე მეურნეობისა და ლოგისტიკის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვით გეგმავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მემორანდუმი „აბრეშუმის გზის“ და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტებში საქართველოს მონაწილეობის „პირველი ნაბიჯია“ და დასძინა, რომ ჩინური ინვესტიციები „ამ რეგიონში ყველაზე მსხვილი უნდა იყოს საქართველოში“. „[მემორანდუმის ფარგლებში] ჩვენ შევძლებთ უკვე სხვა ჩინური კომპანიების აქ მოზიდვას“, – დასძინა მან.
„გამოცდილებიდან, საქმიანობიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, კომპანია „CEFC China Energy Company Limited“–ს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს არამხოლოდ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაში, არამედ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის გაძლიერებაში“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
კერძო კომპანია CEFC China-ს, რომელიც ბიზნეს საქმიანობას ენერგეტიკული და ფინანსური მომსახურების სფეროებში ახორციელებს, Fortune Global 500’s 2016–ის მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში 229–ე ადგილი უკავია.
საქართველოში პირველი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფოთში 2009 წელს პორტის მახლობლად 3 მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე გაიხსნა.
2009 წლიდან მისი 100%–ის მფლობელი და მმართველი RAKIA Georgia Free Industrial Zone LLC იყო, რომელიც რას ალ ხაიმას საამიროს საინვესტიციო ფონდმა (Ras Al Khaimah Investment Authority – RAKIA) დააფუძნა და რომელიც ასევე ფლობდა ფოთის პორტს, რომლის 80%-იანი წილიც 2011 წლის აპრილში გაასხვისა.
2016 წლის სექტემბრიდან ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 85%-იანი წილის მესაკუთრე სახელმწიფო გახდა და RAKIA მასში მხოლოდ 15%-იან წილს ინარჩუნებს. როგორც რადიო „თავისუფლების“ თბილისის ბიურო ოქტომბერში იტყობინებოდა, RAKIA–მ თავისი წილების 85% სახელმწიფოს გადასცა იმ ჯარიმების ჩამოწერის სანაცვლოდ, რომელიც ხელისუფლებამ მას საკონტრაქტო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დააკისრა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)