კვირიკაშვილმა შვეიცარიაში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში რამდენიმე მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრა გამართა და მსხვილი კორპორაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხელ ჯანელიძე და ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, 20 იანვარს, ორდღიანი ვიზიტის ბოლო დღეს შვეიცარიის პრეზიდენტს დორის ლოიტჰარდს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორულ ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და განათლების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და მთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით შვეიცარიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას“, – იტყობინება კვირიკაშვილის ადმინისტრაცია.
ამავე ცნობით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
„კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში მედიატორის როლისთვის“, – იტყობინება კვირიკაშვილის ადმინისტრაცია.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გიორგი კვირიკაშვილი რამდენიმე მსხვილი კომპანიის, მათ შორის Microsoft-ის, British Petroleum-ის და Adecco Group-ის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან მოლაპარაკებების დროს საქართველოში არსებულ ბიზნეს-მეგობრულ გარემოს გაუსვა ხაზი.
„უკვე ძალიან ბევრი კომპანიაა დაინტერესებული საქართველოთი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე იქნება კონკრეტული შედეგები“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს საქართველოში გამომგზავრებამდე.
ვიზიტის ფარგლებში კვირიკაშვილი ასევე შეხვდა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს სუმა ჩაკრაბარტის. შეაქო რა საქართველო რეფორმების განხორციელების მხრივ მიღწეული პროგრესის გამო, ჩაკრაბატიმ განაცხადა, რომ 2016 წელს ინვესტიციების "რეკორდული" რაოდენობის შემდეგ, რამაც დაახლოებით 250 მლნ ევრო შეადგინა, ბანკი 2017 წელს საქართველოში 300 მლნ ევროს ინვესტირებას შეძლებს.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილმა ასევე გამართა მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან, ასევე თავის სერბ და ხორვატ კოლეგებთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან და ანდრეი პლენკოვიჩთან და ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილა.