თავდაცვის მინისტრი ფინეთს, შვედეთს და ესტონეთს ეწვევა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია 23–28 იანვარს ფინეთს, შვედეთს და ესტონეთს ეწვევა, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.

ფინეთში ვიზიტის დროს იზორია თავის ფინელ კოლეგას იუსი ნიინისტოს, თავდაცვის ძალების უფროსს, გენერალ იამო ლინდბერგს და საგარეო საქმეთა მინისტრ ტიმო სოინის შეხვდება.

ფინეთიდან თავდაცვის მინისტრი შვედეთის სამეფოში გაემგზავრება, სადაც 24 იანვარს თავის შვედ კოლეგას, პიტერ ჰულტქვისტს შეხვდება და მასთან ერთად  მონაწილეობას მიიღებს ასევე სემინარში სახელწოდებით „შვედეთი და საქართველო – თავდაცვის სფეროში თანამშრობლობა არასტაბილურ მსოფლიოში“, სადაც საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, განიხილება საქართველოსთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები, მათ შორის ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტები, მისი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და რეგიონში რუსეთის ნაბიჯების კონტრზომები. 

შვედეთიდან იზორია ესტონეთში გაემგზავრება, სადაც თავის ესტონელ კოლეგასთან მარგუს ცაჰკნასთან, ასევე ესტონეთის თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ენდრეკ სირელისთან გამართავს შეხვედრებს და ქალაქ ტარტუში ბალტიის თავდაცვის კოლეჯის ქართველ მსმენელებს გაესაუბრება.