მმართველმა პარტიამ მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაასახელა

მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მისი გუნდის წევრი, მოქმედი დეპუტატი მანანა კობახიძე დაასახელა.

ამჟამად, 9-წევრიან საკონსტიტუციო სასამართლოში მხოლოდ 8 წევრია წარმოდგენილი, ვინაიდან პარლამენტის კვოტით დანიშნულ ქეთევან ერემაძეს უფლებამოსილების ვადა 2016 წლის სექტემბრის ბოლოს ამოეწურა და ეს თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტური რჩება.

კანდიდატურაზე ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 23 იანვარს განაცხადა, რომ „ოპტიმალური“ გადაწყვეტილება იქნა მიღებული მანანა კობახიძის წარდგენასთან დაკავშირებით, რადგან "ის ყველაზე მაღალი ალბათობით მოიპოვებს უმრავლესობის მხარდაჭერას".  

„ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული მოსამართლე“, – განუცხადა დეპუტატმა მდინარაძე ჟურნალისტებს,  „ის უზრუნველყოფს და ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტურობა, რათა არ დარჩეს ვინმეს კითხვის ნიშნები და არ იყოს მისი მოსამართლეობა მუდმივი სპეკულირების საგანი“. 

კობახიძემ, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში პირველი ვიცე-სპიკერი იყო, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ახალ პარლამენტში რიგით დეპუტატად არჩია დარჩენა. არჩევნებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე ის სკანდალში გაეხვა, როცა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა და შეწყალების კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ალეკო ელისაშვილმა მას, დეპუტატ ეკა ბესელიასთან ერთად, რომელიც ახლა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, შეწყალების თემაზე კორუფციულ გარიგებაში დასდო ბრალი, თუმცა პროკურატურამ ამ საქმეზე დაწყებული გამოძიება ბრალის წაყენების გარეშე შეწყვიტა და განაცხადა, რომ ფაქტები არ დადასტურდა.

კობახიძე „ქართულ ოცნებაში“ მისი დაფუძნებიდან საქმიანობს და 2012 წლის აპრილიდან ის ამ პარტიის ფორმალური თავმჯდომარეც იყო. პოლიტიკაში მოსვლამდე ის 2002 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციაში „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, მათ შორის მისი აღმასრულებელი დირექტორიც იყო.

უმცირესობაში შემავალი ფრაქციის „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ კოლეგა დეპუტატების უმრავლესობასთან ერთად ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობა დატოვა, გააკრიტიკა კობახიძის წარდგენა, რომელიც მისი თქმით, არის „ანგაჟირებული პოლიტიკური პირი, რომელიც არ შეიძლება იყოს მოსამართლე“.

დეპუტატმა ადა მარშანიამ  პატრიოტთა ალიანსიდან განაცხადა, რომ მისი ფრაქცია მხარს დაუჭერს მანანა კობახიძის მოსამართლედ არჩევას.

იმავდროულად, საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ გააკრიტიკა კობახიძის წარდგენის გადაწყვეტილება, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს „პოლიტიზების“ მცდელობა და პარლამენტს მოუწოდა არ დაუჭიროს მხარი მის არჩევას, რასაც სულ ცოტა 76 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.  

„მანანა კობახიძის დასახელება, აზიანებს სასამართლოს ავტორიტეტს და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების ნდობას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანოების  ინსტიტუციურ განვითარებას“, – ნათქვამია საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს მიერ 23 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.