კვირიკაშვილი და მისი მრჩეველი აშშ–საქართველოს ურთიერთობების შესახებ

 საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს „მჭიდრო თანამშრომლობას“ აშშ–ის ახალ ადმინისტრაციასთან.

„მინდა მივულოცო ბატონ ტრამპს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტად არჩევა, ვუსურვო მას წარმატებები, როგორც ამერიკის შიდა გამოწვევებთან ბრძოლაში, ასევე მსოფლიო მასშტაბით არსებულ არაერთ გამოწვევასთან გამკლავებაში. ძლიერი ამერიკა არის უმნიშვნელოვანესი მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა 24 იანვარს მთავრობის სხდომაზე. 

პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო „იყო და რჩება რეგიონში აშშ-ის ერთგულ და მნიშვნელოვან პარტნიორად“.

„ჩვენ გვაქვს ინსტიტუციონალიზებული, სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი, რომელიც მოიცავს არაერთ მიმართულებას… [სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ] ქარტიის ფარგლებში საქართველო გააგრძელებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან იმისათვის, რომ ორმხრივად ხელსაყრელი შედეგები მივიღოთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან, აშშ იყო და დღემდე არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის „ძლიერი მხარდამჭერი და ჩვენი უმთავრესი პარტნიორი“.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძემ, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესისა და  საერთაშორისო კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, განაცხადა, რომ საქართველომ ახალ ადმინისტრაციასთან მაქსიმალურად უნდა გაააქტიუროს დიპლომატიური ძალისხმევა, რადგან ის „მუდმივად უნდა იყოს ყურადღების ცენტრში“.     

„ჩვენ საქმე გვექნება უჩვეულო პოლიტიკოსებთან, მაგრამ გამოცდილ ადამიანებთან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მხრიდან რაც შეიძლება ხშირი კონტაქტები იქნება“, – განაცხადა მან „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და დასძინა, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს „საკმაოდ შრომატევადი და ვიტყოდი, მძიმე სამუშაო ელის“, რათა მან „შეძლოს და გაიტანოს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული დღის წესრიგი“.

„ჩვენმა ახალმა ამერიკელმა კოლეგებმა ახალი ადმინისტრაციიდან უნდა იცოდნენ ერთი რამ და ამას ჩვენ მარტო მათ გასაგონად არ ვამბობთ, ჩვენ ვამბობთ ამას იმ ადამიანების გასაგონადაც, რომლებიც ჩვენი ოპონენტები, მოწინააღმდეგეები არიან, რომ საქართველომ თავისი სტრატეგიული დღის წესრიგი განსაზღვრა, იგი შეუცვლელი იქნება რაც არ უნდა მოლაპარაკება გაიმართოს, როგორ გარიგებასაც არ უნდა ჰქონდეს ადგილი. მე მინდა, რომ ყველამ – ჩვენმა მეგობარმა და მოწინააღმდეგემ იცოდეს, რომ საქართველო არასოდეს არ გადაუხვევს იმ უკვე გარკვეულ სტრატეგიულ გზას, რომელსაც ჩვენ უკვე 25 წელია ვადგავართ  – ეს არის ევროპა, ევროატლანტიკური სივრცე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე თანამესაუბრეები აღნიშნავდნენ, რომ „საქართველო არის ერთადერთი სტაბილურობის კუნძული და ერთადერთი წარმატებული პროექტი ჩვენ რეგიონში“. 

„მიუხედევად იმისა, რომ ახალი ხალხი მოვიდა დღეს აშშ-ის სათავეში, ჩვენდამი ყურადღება არ შენელდება, მე მგონი, გაიზრდება“, – განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ ამ ურთიერთობებში ტერიტორიულ მთლიანობასთან და ოკუპაციასთან დაკავშირებული „რუსული კონტექსტი“ შენარჩუნდება და ასევე შესაძლოა გამოიკვეთოს ამერიკის სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესები.

„დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში წარმოუდგენელია, რომ ამერიკამ დახუროს კარები, ჩაიკეტოს და  თვითიზოლაციაში მოხვდეს“,  – დასძინა მან.