უკრაინამ რუსეთის მიერ ძებნილი ყოფილი ქართველი სამხედრო გაათავისუფლა
კიევის პროკურატურამ 26 იანვარს შეწყვიტა ყოფილი ქართველი სამხედროს, გიორგი ცერცვაძის წინასწარი პატიმრობა, რომელიც სავარაუდო მკვლელობის ბრალდებით რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნის შედეგად ინტერპოლის მიერაა ძებნილი და რომლის დაკავებასაც უკრაინის ხელისუფლების მიერ მწვავე რეაგირება მოყვა როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.
„ქართული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დადგინდა, რომ ეს პიროვნება საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მნიშვნელოვან საკითხებში იყო ჩართული და მისმა ექსტრადირებამ რუსეთის ფედერაციაში შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე. ამას გარდა, დადასტურდა, რომ გიორგი ცერცვაძემ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს“, – განაცხადა უკრაინის პროკურატურამ 27 იანვარს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მიერ 22 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიცე–პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე, ყოფილი ქართველი სამხედრო და 1992–1993 წლების აფხაზეთის და 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის ვეტერანი, უკრაინის ხელისუფლებამ 15 იანვარს დააკავა კიევის აეროპორტში, სადაც ის საქართველოდან ჩავიდა. ამავე ინფორმაციით, რუსეთმა ცერცვაძეზე საერთოშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა 13 წლის წინ რუსეთში სავარაუდოდ ჩადენილი მკვლელობის გამო.
გიორგი ცერცვაძის ადვოკატმა ქსენია პროკონოვამ განუცხადა „რუსთსვი 2“–ის ჟურნალისტს, რომ ის მასალები, რომელიც რუსეთმა უკრაინას წარუდგინა, შეიცავდა ცერცვაძის პირად მონაცემებს, რაც, მისი თქმით, შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან მოსკოვის თანამშრომლობის გარეშე. მან მკვლელობის ბრალდებას შეთითხნილი უწოდა და მოსკოვი იმაში დაადანაშაულა, რომ მას 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის მონაწილეების „დევნა და მოკვლა“ სურს. პროკონოვამ ასევე დაადანაშაულა საქართველოს მესაზღვრეები იმის გამო, რომ მათ არ შეატყობინეს ცერცვაძეს, რომ ის ინტერპოლის მიერ იძებნებოდა.
ცერცვაძის დაკავებას საზოგადოების პროტესტი მოყვა როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.
ევროპულმა საქართველომ უკრაინის მთავრობის სახელზე 23 იანვარს წერილი გამოაქვეყნა, სადაც ცერცვაძეს თავდებში უდგება მისი გათავისუფლების სანაცვლოდ და მოითხოვს, რომ არ მოხდეს მისი ექსტრადირება. ევროპული საქართველოს დეპუტატებმა საქართველოს ხელისუფლება ცერცვაძის პირადი მონაცემების რუსეთისთვის გადაცემაში დაადანაშაულეს და ამ საქმეზე სისხლის სამართლის საქმის აღძრა მოითხოვეს. მათ შინაგან საქმეთა მინისტრი მოიწვიეს პარლამენტში ცერცვაძის საქმეზე არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც 24 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ აქცია გამართა, საქართველოს მთავრობა ცერცვაძის „ღალატში“ დაადანაშაულა იმის გამო, რომ არ აცნობა მას, რომ ის ინტერპოლის მიერ იძებნება, და პროკურატურაში საჩივარი შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსის 319–ე მუხლით საქმის აღძრის თაობაზე, რომელიც ეხება უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას.
ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 24 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას ცერცვაძის პირადი მონაცემების რუსეთისთვის გადაცემაში დაადანაშაულა, რამაც საშუალება მისცა მოსკოვს, რომ „შეშითხნილი ბრალდებით დაედანაშაულებინათ ის მკვლელობაში“. სააკაშვილმა მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, რომ „დაუყონებლივ“ ჩარეულიყო, რათა მთავრობას „თავი არ შეერცხვინა“.
მამუკა მამულაშვილმა, ქართული ეროვნული ლეგიონის მეთაურმა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მებრძოლი საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება, დაადასტურა, რომ ცერცვაძე მათ დანაყოფში იბრძოდა და 25 იანვარს მან ულტიმატუმით მიმართა უკრაინის მთავრობას, რომ თუ კიევი ცერცვაძის ექსტრადიციას განახორციელებდა, ქართული ლეგიონი ქვეყანას დატოვებდა.
საქართველოს პროკურატურამ ამ საკითხზე 24 იანვარს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ პროკურატურის მიერ „უკრაინელ კოლეგებს მიეწოდათ ყველა შესაბამისი ინფორმაცია გ. ცერცვაძის შესახებ და განმარტება მისი ძებნის ინიციატორი მხარისთვის გადაცემის მიზანშეუწონლობის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქის რუსეთის მხარისთვის გადაცემით დაირღვევა გიორგი ცერცვაძის ძირითადი უფლებები“.
25 იანვარს ამ საკითხზე კომენტირებისას პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას, მითუმეტეს ქვეყანას, რომელსაც აქვს სამხედრო ბაზები განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე“.
„ორი დღეა ჩვენი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე არის ყოველ წუთიერ კონტაქტზე უკრაინის გენერალურ პროკურორთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე გადაწყდება ისე, რომ ბატონი ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთზე“, – აღნიშნა მან.
მან „ოპონენტები“ და მათი „საკუთარი ტელევიზია, მათი პარტნიორი ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი“ დაადანაშაულა, რომელთაც უნდათ „მუდმივად ჩვენ ამოგვაგდონ მთავარი დღის წესრიგიდან და ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყნის დამაქცევარი“.
მიუხედავად ინფორმაციისა, რომ ცერცვაძე 26 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდებოდა, კიევის სააპელაციო სასამართლომ ცერცვაძის საქმის მოსმენა 3 თებერვლამდე გადადო იმ მოტივით, რომ სოლომენსკის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ვერ მოახერხა საქმის მასალების გადაგზავნა. თუმცა, ცერცვაძე იმავე დღეს მოგვიანებით გაათავისუფლეს, როდესაც კიევის პროკურატურამ მისი წინასწარი პატიმრობის მოთხოვნა გააუქმა.
26 იანვარს გვიან გავცელებულ განცხადებაში საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ „საქართველოს მთავარი პროკურატურა კვლავაც გააგრძელებს უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას მანამ, სანამ საბოლოოდ გია ცერცვაძის სასარგებლოდ არ დასრულდება მის მიმართ მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები“. „[უკრაინის ხელისფლების მიერ] მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გია ცერცვაძის მიმართ ასევე უახლოეს პერიოდში დასრულდება საექსტრადიციო წარმოებაც“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.