პრეზიდენტი, არასამთავრობოები ფარული მოსმენების რეგულაციებში ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს აკრიტიკებენ

სპეციალური ჯგუფი, რომელიც ფარული მოსმენების შესახებ რეგულაციებში ცვლილებების მოსამზადებლად შეიქმნა, რათა კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს იმ გადაწყვეტილებასთან, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ საკანონმდებლო ცვლილებების რიგი ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო, გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას ახალი სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაქვემდებარებაში, რომელიც სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციების მონიტორინგს, ასევე აუდიო და ვიდეო თვალთვალს განახორციელებს.  

დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და ასევე სპეციალური სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ცვლილებები „ძალიან ბევრი, ხანგრძლივი და ინტენსიური კონსულტაციებისა და მუშაობის შემდეგ“ მომზადდა.

„მოდელი, რომელსაც ვემხრობით, არის ახალი სააგენტო სსიპ-ის ფორმით. სააგენტო იქნება უსაფრთხოების სამსახურთან არსებული, თუმცა მაქსიმალური დამოუკიდებლობის გარანტიებით. ვთავაზობთ სააგენტოს უფროსის არჩევის ახალ წესს. შეიქმნება კომისია, რომელიც იქნება ფართო წარმომადგენლობითი პარლამენტის, სახალხო დამცველის, მთავრობისა და სასამართლოს მონაწილეობით. სააგენტოს უფროსს დანიშნავს და გაათავისუფლებს პრემიერ–მინისტრი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივის თანახმად, შემოდის რამდენიმე დონის კონტროლი, კერძოდ საპარლამენტო, სასამართლო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, პროკურატურა და აუდიტის სამსახური საბიუჯეტო კუთხით.

„ჩვენ კიდევ ერთი „გასაღები“ შემოგვაქვს დამატებით და ის ექნება უზენაესი სასამართლოს კონკრეტულ მოსამართლეს, რომელიც კონტრდაზვერვითი საქმიანობისთვის განახორციელებს სპეციალურ კონტროლს“, – დასძინა მან.

„ამ საინტერესო მოდელით, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო უკეთეს მოდელს ვთავაზობთ ახლა ჩვენ ყველას, იქნება ბალანსი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების უფლების დაცვას შორის. ამ ორი, ძალიან ღირებული უფლების დაცვას ემსახურება ეს ახალი მოდელი“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ. 

დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ, რომელიც ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ახალი მოდელი „წინგადადგმული ნაბიჯია“, გამომდინარე იქიდან, რომ „ის პასუხობს სამივე მოთხოვნას, რაც დღის წესრიგში იდგა. ერთი – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა, მეორე – უსაფრთხოების გარანტიები და მესამე – ეს არის ადამიანის უფლებების უპრეცენდენტოდ დაზღვევის მექანიზმები“.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პარლამენტის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდნენ და რომლებიც სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში თითქმის სამი წელია ითხოვენ, რომ უსაფრთხოების სამსახურებს აღარ ჰქონდეს პირდაპირი და უკონტროლო წვდომა ფარული მიყურადების საშუალებებზე, 31 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული ცვლილებები გააკრიტიკეს.

განცხადების თანახმად, შემოთავაზებული მოდელი „შეუსაბამობაში მოდის საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთნახსენები გადაწყვეტილების სულისკვეთებასთან  და  ქმნის რისკებს ადამიანის უფლებებში უსაფუძვლო ჩარევისთვის“. არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემისკენ მოუწოდა.

„ფუნდამენტურ პრობლემებს“ შორის ჯგუფი ასახელებს სააგენტოს დამოუკიდებლობას; სააგენტოს კომპეტენციას და სამსახურის კონტროლის მექანიზმს.

 
დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ჯგუფი აღნიშნავს, რომ სააგენტო უნდა შეიქმნას უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში. მანამდე ჯგუფმა საკუთარი საკანონმდებლო წინადადებები მოამზადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, ისინი გასაღების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დამოუკიდებელი სააგენტოსთვის გადაცემას ითხოვდნენ.

კომპეტენციებთან დაკავშირებით, ჯგუფი აცხადებს, რომ  სააგენტო „დაუბალანსებლად დიდი კომპეტენციით სარგებლობს“, რადგან ის რამდენიმე ექსკლუზიური უფლებით სარგებლობს და პერსონალურ ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის უფლებას ინარჩუნებს. 

კონტროლის მექანიზმთან დაკავშირებით ჯგუფი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მოდელი „არაა საკმარისი ასეთი დიდი ძალაუფლების მქონე სამსახურის ეფექტური ზედამხედველობისთვის“. 

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განახცადა 31 იანვარს, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ თემას „განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ყოველთვის, ყველა ეტაპზე“.

„ქვეყნის პირველი პირის აზრით, ამჯერად მაინც უნდა მივიღოთ  გამართული კანონმდებლობა, სადაც ერთხელ და სამუდამოდ მყარად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები და სახელმწიფო უსფართხოების ინტერესები. პრეზიდენტის აზრით, უმნიშვნელოვანესია ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება  კონტროლის მყარი მექანიზმები“, – განაცხადა მიშველაძემ. 

მან ასევე დასძინა, რომ ასეთი სტრუქტურის შექმნისას „ამოსავალი პრინციპი უნდა იყოს ამ უწყების ანგარიშვალდებულება და ეფექტიანი კონტროლი სამივე სახელისუფლო შტოს მხრიდან“.