ნაციონალური მოძრაობის თქმით, გაყოფის შემდეგ პარტიამ საკრებულოებში 35 წევრი დაკარგა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა 1 თებერვალს, რომ გაყოფის შემდეგ პარტიამ საქართველოს მასშტაბით არსებულ საკრებულოებში 276 წევრიდან  35 დაკარგა.

„პარტია ჯამში 14 საკრებულოს (მაშ შორის  5 ქალაქი, 9 თემი) 35 წევრმა დატოვა“, – განაცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ.

მათ შორის, თბილისში სულ იყო 7 საკრებულოს წევრი, საიდანაც 3 გავიდა; ხონი – 12 წევრიდან ცხრამ დატოვა პარტია; გურჯაანი – სულ იყო 6 საკრებულოს წევრი და 4 წავიდა;  ზუგდიდი – 18 წევრიდან 4 წავიდა; ხულო – 5–დან 4 წავიდა; ახალციხე – 11–დან 2 წავიდა; ადიგენი  – 6–დან 2 წავიდა; ფოთი – 2–დან ორივე წევრი წავიდა; ქუთაისი- 4–დან 2 წავიდა; ახალქალაქი – სულ იყო 1 საკრებულოს წევრი, რომელმაც დატოვა პარტია;  მცხეთა – 2 წევრიდან ერთმა დატოვა პარტია; ჭიათურა – 5 წევრიდან 1 წავიდა.

ნაციონალურმა მოძრაობამ დასძინა, რომ მას კვლავ ყავს 241 საკრებულოს წევრი.

ეს განცხადება იმ შეფასებების საპასუხოდ გაკეთდა, რომლებიც პარტიის გაყოფის მასშტაბებს ეხება; მაშინ როცა ევროპული საქართველოს წევრები აცხადებენ, რომ პარტია გაიყო, დანარჩენი ნაწილი აცხადებს, რომ პარტია მხოლოდ მცირე ჯგუფმა დატოვა.