გიგი უგულავა წარსულ შეცდომებზე, პოლიტიკურ გეგმებზე, განსხვავებებზე ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს შორის

თბილისის ყოფილმა მერმა და ახლად შექმნილი მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ 30 იანვარს „ნეტგაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარსულ შეცდომებზე, მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე და ორ პარტიას შორის არსებულ განსხვავებებზე ისაუბრა.

გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ახალი პარტიის პლატფორმა მემარჯვენე-ცენტრისტული იქნება. „ეკონომიკაში ეს არის მაქსიმალური ლიბერალიზაცია ეკონომიკის, მაქსიმალური თავისუფლება ეკონომიკის და პოლიტიკური თავისუფლებები“, – განმარტა მან.

ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპურ საქართველოს შორის განსხვავებზე საუბრისას უგულავამ აღნიშნა, რომ „რომ არ ყოფილიყო განსხვავება, არც პარტიის გაყოფა არ მოხდებოდა“.

„ჩვენი მიმართულებები მთელი რიგი საკითხების დაკავშირებით გაცილებით უფრო ლიბერალურია, ვიდრე ჩვენ ყოფილ კოლეგებს აქვთ. ჩვენ ეკონომიკის მიმართულებით ვართ მომხრე მაქსიმალური დე–რეგულაციისა და ლიბერალიზაციის, პოლიტიკური თავისუფლების თვალსაზრისით გაცილებით უფრო რადიკალური დღის წესრიგი, მაგრამ მთავარი განმასხვავებელი, ჩემი აზრით, მაინც იქნება სახელმწიფოსა და ადამიანის დამოკიდებულებაზე ხედვა, ანუ რომელი არის პირველ ადგილას.  ჩემი აზრით, სახელმწიფო ცალკე არ არსებობს, სახელმწიფოს ქმნის ადამიანი, ადამიანები, ადამიანების ერთობა და შესაბამისად, ინდივიდუალური  თავისუფლება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკე აბსტრაქტულად აღებული სახელმწიფო ინტერესი“, – განაცხადა უგულავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი პარტია მცირე სახელმწიფოს მომხრეა: „სახელმწიფო უნდა იყოს მცირე, მოქნილი დაბალ ბიუჯეტიანი, იმისათვის, რომ იყოს მეტი თავისუფლება, იმისათვის, რომ ადამიანებს ქონდეთ ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებები. არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლება ეკონომიკური თავისუფლებების გარეშე და პირიქით, ვერ იქნება ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, თუ არ იარსებებს პოლიტიკური თავისუფლება“.

ნაციონალური მოძრაობის მთავრობის პრობლემებზე საუბრისას უგულავამ აღნიშნამ რომ მისი პარტია ზოგჯერ უფრო მეტად სახელმწიფოს გაძლიერებაზე იყო კონცენტრირებული, „ხანდახან რიგით მოქალაქის ხარჯზე“. „ძალიან დიდმა სისწრაფემ, სისწრაფემ გამოიწვია სწორედ ის, რომ სახელმწიფოს მშენებლობაში დაიკარგა ადამიანი და შემდეგ უკვე ამან გამოიწვია ყველა ის პრობლემა, რაც ჩვენთვის ცნობილია, ვთქვათ სამართალდამცავი სისტემის პრობლემები“.

უგულავამ დასძინა, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობა სწორედ ის ძალაა, რომელიც პრობლემებს, მათ შორის საკუთარ  შეცდომასაც უკეთესად გამოვასწორებთ“ და „რომელიც ვარდების რევოლუციის ღირებულებების გამტარებელი იქნება, იმიტომ რომ ვარდების რევოლუცია არ ეხებოდა მარტო სახელმწიფოს, ვარდების რევოლუცია    ეხებოდა ხალხს პირველ რიგში“.

იგი ევროპული საქართველოს მომავალ პოლიტიკურ გეგმებსაც შეეხო და განაცხადა, რომ მომავალი ადგილობრივი არჩევნები პარტიისთვის „პირველი ტესტი იქნება“.

უგულავამ საქართველოში არსებულ საარჩევნო გარემოს „არეული“ უწოდა.

„უდიდესი სეგმენტი არის თავისუფალი, მათ შორის ისეთი, ვინც ქართულ ოცნებას მისცა ბოლო არჩევნებზე ხმა, მაგრამ საერთოთაც არ მოსწონდა უბრალოდ ინერციით მისცა“, – განაცხადა მან.

„რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის ის 500 ათასი ადამიანი, რომლებმაც როცა ჩვენ ერთად ვიყავით მოგვცა ხმა, ისიც ჩვენი პოტენციური ამომრჩეველია და უამრავი სხვა, ვინც მემარჯვენე ცენტრისტულ პოზიციებს იზიარებს“, – დასძინა უგულავამ.