ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობდა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი 2-3 თებერვალს საქართველოს სტუმრობდა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.

3 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან გამართული შეხვედრის დროს, მხარეებმა განიხილეს „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთოს ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები“, ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და იმსჯელეს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში ეუთოს ავსტრიის თავმჯდომარეობის ჩართულობაზე, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს „საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ეუთო-ს დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში“ და ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს..

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ქვეყნის „მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და „აღნიშნა ამ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი“.

ეუთოს ჩართულობა საქართველო-რუსეთის კონფლიქტშო და ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების კუთხით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება, ასევე საქართველოს და ავსტრიას შორის ორმხრივი ურთიერთობები იქნა განხილული სებასტიან კურცის მიერ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან და პრეზიდენტ მარგველაშვილთან გამართულ შეხვედრაზე.

ვიზიტის დროს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე დაესწრო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ერგნეთში, სადაც მან მონაწილეებს სიტყვით მიმართა.