საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელი სატელევიზიო და რადიო პროგრამების დახურვის გეგმებზე საუბრობს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად არჩეულმა გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ რადიო და ტელე მაუწყებლობის ყველა პროგრამის დახურვა იგეგმება და ამის მოტივად  საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბალი ყურადობა დაასახელა. 

2017-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მაღლაფერიძემ 6 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა, მიზნად ისახავს „საზოგადოებრივ მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანას და მდგრადი განვითარების საფუძვლის შექმნას“.   

ამ მიზნით, გეგმის თანახმად, საჭიროა მთელი რიგი ქმედებების განხორციელება, მათ შორის "მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერება (საინფორმაციო გამოშვებების გარდა); თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაცია; გამოთავისუფლებული თანხების მიმართვა მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის გასაახლებლად; მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე გადასვლა".

„გარდაქმნისა და განვითარების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რადიკალური ნაბიჯების გარეშე საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას და მისი დაფინანსება აზრს კარგავს“, – ნათქვამია სამოქმედო გეგმაში. 

„საჭიროა  2018 წლამდე დროებით შევაჩეროთ გადაცემები, რათა მოვამზადოთ პლატფორმა. აქ რაზეა საუბარი,  ჩვენ კი არ ვაჩერებთ, დროებით ვაჩერებთ იმისთვის, რომ დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი“, – განაცხადა მაღლაფერიძემ ბრიფინგზე. 

მაღლაფერიძის გეგმებს გადაცემების დახურვის თაობაზე პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მოყვა.

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის განაცხადა 6 თებერვალს, რომ შემოთავაზებული გეგმა „რადიკალურია“ და „გამოიწვევეს მაუწყებლის სულ მცირე  ერთი წლით პარალიზებას“.

„2017 წელი არის თვითმმართველობის არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფორმის წელი, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრებს მნიშვნელოვან ფუნქციას მოქალაქეებს მიაწოდოს არა მხოლოდ ახალი ამბები, არამედ პროცესების მრავალმხრივი ანალიზი და შესთავაზოს მრავალფეროვანი დისკუსია აქტუალური თემების შესახებ“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ აღნიშნა 7 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის საჭიროება „აშკარაა“, მაგრამ „აღნიშნული რეფორმები არ უნდა იყოს გამოყენებული კონკრეტული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და არ იწვევდეს მაუწყებლის საქმიანობის შეფერხებას“.

ორგანიზაციამ სამეურვეო საბჭოს მოუწოდა, რომ გენერალურ დირექტორს მოსთხოვოს უფრო დეტალური გეგმა და „გაითვალისწინოს ის რისკები, რაც არხზე გადაცემების შეჩერებას ახლავს“.

„ნაჩქარევი გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მაუწყებლის რეპუტაციას და შესაძლოა შელახოს არხზე მომუშვე ჟურნალისტების შრომით უფლებები“, – აცხადებს საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო.

თავისუფალმა დემოკრატებმა ასევე გააკეთეს კომენტარი ამ საკითხზე და აღნიშნეს, რომ გეგმა „უშუალოდ ემუქრება დემოკრატიის მთავარ ღირებულებას – სიტყვის თავისუფლებას“ და „კრიტიკული აზრის დახშობას“ ისახავს მიზნად.

,,გუშინ ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით საზოგადოებრივ მაუწყებელზე თოქ-შოუები არ იარსებებს საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებისა და მიღების დროს და არც შემოდგომაზე დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში. ეს გეგმა გულისხმობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თითქმის მთელი წლით შეწყვეტს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რომელიც პირველ რიგში იმაში მდგომარეობს, რომ ამ ტელევიზიამ საზოგადოება უნდა უზრუნველჰყოს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესების დროული და ობიექტური გაშუქებით“, – ნათქვამია თავისუფალი დემოკრატების განცხადებაში. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის რვა-წევრიანი საბჭო 10 თებერვალს შეიკრიბება და მაღლაფერიძის სამოქმედო გეგმავს განიხილავს. მანამდე, სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელის გრიგოლ გოგელიას თქმით, ყველა პროგრამა გავა ეთერში.

სამეურვეო საბჭომ ვასილ მაღლაფერიძე, ყოფილი დეპუტატი და 2005-2008 წლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორად 6 იანვარს აირჩია.  2014 წლიდან 2016 წლის სექტემბრამდე მაღლაფერიძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს გენერალურ პროდიუსერად მუშაობდა.