საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს 9-10 თებერვალს ეწვევა, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

თავისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჯანელიძე ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ასევე სენატის და კონგრესის წევრებს შეხვდება.

„შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობასა და თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ჯანელიძის ვიზიტამდე ვაშინგტონს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სტუმრობს სამუშაო ვიზიტით.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა 6 თებერვლიდან აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს მართავენ.     

ვიზიტის ფარგლებში ჩუგოშვილმა და ხულორდავამ შეხვედრები გამართეს რესპუბლიკელ სენატორ ჯონ ბუზმანთან, რესპუბლიკელ კონგრესმენ ტედ პოსთან და თანათავმჯდომარე, დემოკრატ კოგრესმენთან ჯერი კონოლისთან, ასევე კონგრესმენებთან პიტერ როსკამთან, მაიკლ ტერნერთან, მაიკ კონავეისთან, სტივ კოენთან, უილ ჰარდთან, რობერტ ადერჰოლტთან და დინა ტიტუსთან.

საქართველოს პარლამენტის პრეს-რელიზის თანახმად, კონგრესმენმა პომ ქართველ დეპუტატებს აცნობა, რომ მისი და კონგრესმენი კონოლის თავმჯდომარეობით, აშშ-ის 115-ე მოწვევის ახალ კონგრესში ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოს მეგობართა ჯგუფი, რომელიც კვლავაც აქტიურად განაგრძობს საქართველოს მხარდამჭერას.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტერ როსკამმა, რომელმაც თებერვლის ბოლოს საქართველოში ვიზიტი დააანონსა, განაცხადა, რომ მხარეებმა საქართველოს და აშშ-ს შორის „ძლიერ ურთიერთობებზე“ იმსჯელეს.

„ჩვენ ამ ურთიერთობას ვუყურებთ როგორც ძალიან მნიშვნელოვანს; მოხიბლულები ვართ საქართველოთი, ქართველი ხალხით და მათი ბრძოლით,  იმით, თუ როგორ იკვლევენ ისინი თავისუფალ და დემოკრატიულ გზას, რაც დიდი მაგალითია დანარჩენი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა როსკამმა.

მაიკ კონავეიმ განაცხადა ქართველ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ, რომ მან კიდე ერთხელ დაადასტურა თავისი „ძლიერი, ურყევი ერთგულება“ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მიმართ.  კონავეიმ დასძინა, რომ მას „ყოველთვის აწუხებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ის მოვლენები, რომელთაც ჩრდილოეთით მდებარე მეზობელთან მიმართებაში აქვს ადგილი“.

თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის კუთხით სერიოზული მხარდაჭერა მივიღეთ“. თამარ ხულორდავამ განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს „მყარი გარანტიები“ იმისა, რომ კონგრესი „ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დამყარებაში დაგვეხმარება“.