თავდაცვის სამინისტრომ წვევამდელების გაწვევა აღადგინა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების სავალდებულო სამსახურში მიღება განახლებული წესით აღდგა.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, სავალდებულო გაწვევა გასული წლის ივნისში გააუქმა.
ახალი სისტემა ძველისგან „მნიშვნელოვნად და თვისობრივად“ განსხვავდება, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
„ახალი წესის მიხედვით, წვევამდელები 3 თვის განმავლობაში სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან და სრულყოფილ სამხედრო მოსამსახურეებად ჩამოყალიბდებიან. გარდა ამისა, სამთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა სამხედრო განწესში ყოფნისა, ყოველდღიურად ექნებათ საბრძოლო მომზადების საათები, ისევე როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
გაწვევის ახალი სისტემის მიხედვით, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ და გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.
განახლებული სამხედრო სავალდებულო სამსახური უზრუნველყოფს წვევამდელების სისტემით პროფესიული კომპონენტის მხარდაჭერას და მეტი პერსონალის მომზადებას, როგორც რეზერვისთვის, ისე საკონტრაქტო სამსახურისთვის, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
„ამასთან, სავალდებულო სამსახური ხელს შეუწყობს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად საქართველოში შერეული სისტემაა, რომელიც საკონტრაქტო და გაწვევის სისტემას ეფუძნება.
წვევამდელთა გაწვევის გაუქმების გეგმა პირველად 2013 წლის დასაწყისში მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გააჟღერა და შემდეგ მას მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დაუჭირა მხარი.
ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროს მიერ წვევამდელების გაწვევა 2016 წლის ივნისში გააუქმა, რასაც მმართვალი პარტიის კრიტიკა მოყვა.
ეს გადაწყვეტილება მთლიანად გაწვევის სისტემის გაუქმებას არ ნიშნავდა, რადგან ის მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ეხებოდა.
წვევამდელების დიდ ნაწილს სხვა სამინისტროები და სახელმწიფო სააგენტოები იწვევდნენ სავალდებულო სამსახურში; ეს უწყებებია: შინაგან საქმეთა სამინისტრო; სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; სასჯელაღსრულების სამინისტრო და დაზვერვის სამსახური.