ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა სტრასბურგში შეხვედრა გამართა
ევროპარლამენტის და საქართველოს პარლამენტის წევრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა მარტში ამოქმედდება, ნათქვამია ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
კომიტეტის მეოთხე სხდომა 15-16 თებერვალს სტრასბურგში გაიმართა და მას საქართველოს მხრიდან ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამარ ხულორდავა თანათავმჯდომარეობდა, ხოლო ევროპარლამენტის დელეგაციის მხრიდან ბრიტანელი დეპუტატი საჯად კარიმი.
განცხადების თანახმად, კომიტეტი მიესალმება გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერ ქვეყანას“, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მიენიჭოს.
„ეს დადებითი გადაწყვეტილება ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში ასახულ ყველა სფეროში საქართველოს თანმიმდევრული რეფორმებისა და პროგრესის შედეგია“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
კომიტეტს მიაჩნია, რომ უვიზო მიმოსვლა ხალხთა შორის კონტაქტებს ხელს შეუწყობს, და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდება. იგი ასევე გააძლიერებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიზნეს, სოციალურ და კულტურულ ურთიერთობებს.
სხდომაზე კომიტეტის წევრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს „მტკიცე მხარდაჭერა“ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ასოცირების შეთანხმება საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს.
კომიტეტი „მიესალმება“ იმ ფაქტს, რომ „რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად“, საქართველო დგამს ნაბიჯებს, რომლებიც სეპარატისტულ რეგიონებთან ჩართულობის მიზნით „მოქნილი და პრაგმატული“ მიდგომის შემუშავებას ითვალისწინებს.
კომიტეტი მოუწოდებს ევროკავშირს „გაააქტიუროს ძალისხმევა“ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების სამოქალაქო საზოგადოებასთან კავშირების დასამყარებლად და „გამოიყენოს ყველა ის შესაძლებლობა“, რომელთაც ასოცირების შეთანხმება სთავაზობს.
ასოცირების შეთანხმება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში „საბოლოო მიზანს“ არ წარმოადგენს და „თბილისს შეუძლია წევრობაზე გააკეთოს განაცხადი“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
„[საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი] ადასტურებს თავის პრინციპულ პოზიციას, რომ ასოცირების შეთანხმება არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში; აღნიშნავს, რომ ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს, შეუძლია ევროკავშირს წევრობისთვის მიმართოს იმ პირობით, რომ ის დაიცავს დემოკრატიის პრინციპებს, პატივს სცემს ადამიანის ძირითად თავისუფლებებს, დაიცავს უმცირესობების უფლებებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
რეზოლუციის დოკუმენტის თანახმად, კომიტეტი მოუწოდებს ევროკომისიას გააძლიეროს საქართველოს მხარდაჭერა მისი ევროკავშირის სტრუქტურებსა და პროგრამებში ჩართვით, ასევე ასოცირების შეთანხმების განსახორციელებლად დახმარების ახალი ინსტრუმენტის დანერგვის გზით.
ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ასოცირების შეთანხმების საპარლამენტო ზედამხედველობას ახორციელებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)