კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიო ლიდერებს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 17-19 თებერვალს რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გამართა.

უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც ყოველ წელს გერმანიის ქალაქ მიუნხენში იმართება, 500-ზე მეტი გადაწყვეტილების მიმღები პირი, მათ შორის, დაახლოებით, 25 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა და თავდაცვის 80 მინისტრი ესწრება.

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაიკ პენსმა „განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“ და ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მზად არის საქართველოსთან „სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ხელი შეუწყოს“. 

პრესსამსახურის ცნობით გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების „მტკიცე პარტნიორი და მოკავშირეა“ და აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სურვილი გამოთქვეს და ერთმანეთი თავიანთ ქვეყნებში მიიწვიეს, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

18 თებერვალს კვირიკაშვილი ასევე შეხვდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს, ფატუ ბენსუდას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს იძიებს. 

2016 წლის იანვრის ბოლოს ჰააგის სასამართლომ თავის პროკურორს თანხმობა მისცა 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მისი მიმდინარეობისას და დამთავრების შემდეგ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების დაწყებაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კვირიკაშვილმა ჰააგის სასამართლოს პროკურორს გამოძიებისთვის საჭირო მასალების მოპოვების პროცესში საქართველოს ხელისუფლების „სრული და აქტიური მხარდაჭერა“ კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რათა „კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული და სხვა დანაშაულები, ამ შემთხვევაში, ქართველების ეთნიკური წმენდა, ისევე, როგორც ჩვენი სამხედრო ტყვეების მკვლელობა, დაუსჯელი არ დარჩეს“.

კვირიკაშვილის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ ფატუ ბენსუდამ ქართულ მხარეს „მაქსიმალური ღიაობისა და გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობისთვის“ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ „სასამართლოს რუსეთისგან თანამშრომლობასთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღია, გამოძიება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“.

მიუნხენში ვიზიტისას, კვირიკაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშსაც შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ გაერო „კიდევ უფრო აქტიურ როლს შეასრულებს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში“.

კვირიკაშვილმა დაგმო სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი ე.წ. რეფერენდუმი და რუსეთის ფედერაციის „პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ“ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის აუცილებლობაზე ისაუბრა, ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრის მოწვევის საპასუხოდ, ანტონიო გუტიერეშმა მზადყოფნა გამოთქვა, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში ეწვიოს საქართველოს, იტყობინება მთავრობის ადმინისტრაცია.

უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში სახელწოდებით „ევრაზიის გამყოფი ხაზები“, სადაც მან საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე და კონფლიქტების მოგვარების მიდგომებზე ისაუბრა.

„ხელყოფილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ასეთი მძიმე ფონის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვცდილობთ, უპირველეს ყოვლისა, თანმიმდევრულად მივყვეთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზნებს და კონსტრუქციული გზით შევამზადოთ საფუძველი გრძელვადიან ჭრილში ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა თავის მისასალმებელ სიტყვაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო „ნაბიჯ-ნაბიჯ უერთდება ევროპულ წესრიგს“, მაგრამ რეგიონული თანამშრომლობა, განსაკუთრებით თურქეთთან და აზერბაიჯანთან, კვლავ მნიშვნელოვანი რჩება ქვეყნისთვის.

კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად საქართველოს „ღრმად კონსტრუქციული და თანმიმდევრული მიდგომისა და ნაბიჯებისა, განსაკუთრებით, 2012 წლის შემდეგ“, რუსეთთან პოლიტიკის მიმართულებით „არავითარი პროგრესი არ შეინიშნება".

ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მიეკუთვნება ნატოსა და ევროპულ ოჯახს.

„ჩვენ ძალიან თანმიმდევრულნი, მიზანმიმართულნი ვართ – ამავდროულად არ გვაკლია მოთმინების უნარი. გვჯერა, რომ ერთ დღეს, საქართველოს მიეცემა შესაბამისი შესაძლებლობა. ამ გზაზე ჩვენ თანმიმდევრულობასა და თავდადებას ვინარჩუნებთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მიუნხენში პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, რომელსაც თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე, ასევე შეხვდა ავღანეთის და ესტონეთის პრეზიდენტებს, თურქ კოლეგას ბინალი ილდიმირს, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მიროსლავ ლაიჩაკს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს და არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ მდივანს აჰმედ აბულღეითს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)