„რუსთავი 2“- ის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

ათასობით მოქალაქე, ოპოზიციური პარტია და სამოქალაქო აქტივისტი „რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერად და ტელეკომპანიის საკუთრების დავაზე სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნით 19 თებერვალს პარლამენტის შენობის წინ თბილისში შეიკრიბა
 
აქცია პირველად არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააანონსა, რომელმაც 14 თებერვალს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავაზე დასასრულს უახლოვდება და ივარაუდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამჟამინდელი მფლობელების სასარგებლოდ არ იქნება მიღებული.
 
„რუსთავი 2“-მა 17 თებერვალს გვიან ღამით, ხელისუფლების ჩარევის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა და მაყურებელს ტელეკომპანიის მხარდასაჭერად შეკრებისკენ მოუწოდა.
 
აქციაზე, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ და „კურიერის“ წამყვანმა, ზაალ უდუმაშვილმა პირველმა მიმართა შეკრებილ ადამიანებს.     
 
„ამ წუთიდან „რუსთავი 2“ ისევ ჩაირთო, რაც იმის ნიშანია, რომ ეს არხი არასდროს აღარ უნდა გამოირთოს“, – მიმართა უდუმაშვილმა აქციის მონაწილეებს.
 
„რუსთავი 2 თუ დაეცა, ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ტელევიზიის, თუნდაც ყველაზე პოპულარული და ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის დაცემა. ეს ნიშნავს იმას, რომ … ამ ქვეყანაში სივრცე არ იქნება დატოვებული, რომ თქვენი პრობლემები გააშუქოს, რომ თქვენი პრობლემები მთელ ქვეყანას გააცნოს“, – განაცხადა უდუმაშვილმა. 
 
„ჩვენ ორი წელია გაუსაძლის პირობებში გვიწევს მუშაობა: მუდმივი შანტაჟი, მუქარა, ყადაღა, წნეხი… ამ უთანასწორო ბრძოლაში … ერთი წუთით არ დაგვიხევია უკან და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან. თუმცა, ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს“, – დასძინა მან.

„თქვენ რომ გიყურებთ ასე ერთად შეკრებილებს, დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავი 2–სა და სიტყვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში საფრთხე აღარ ემუქრება“, – თქვა მან.
 
არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციაზე გამოსვლისას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მედიაზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
 
 „ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] მუდმივად გვიყურებს, მუდმივად გვისმენს, მუდმივად გვითვათვალებს“, მაგრამ  „ჩვენ ყოველთვის ვაჩვენებთ რას აკეთებს ეს კაცი ჩვენსთვის, როგორ გვისმენს, როგორ იპარავს ჩვენს ქონებას, როგორ დგას ყველა ხელისუფალის უკან“, – განაცხადა გვარამიამ.

 „ჩვენ ვითხოვთ ძალიან მარტივ რამეს, ჩვენ გვჭირდება სამართლიანობა, ჩვენ გვინდა ის, რაც კანონით გვეკუთვნის და რაც სამართლიანია“, – განაცხადა გვარამიამ და დასძინა, რომ უზენაესმა სასამართლომ, რომელიც „რუსთავი 2“-ის საკუთრების საქმეს განიხილავს, „არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლება უნდა დაიცვას, უზენაესმა სასამართლომ უნდა შობოს დამოუკიდებელი სასამართლო ამ ქვეყანაში“.

ვინაიდან აქციას სამოქალაქო პროტესტის ფორმა ჰქონოდა, მასზე არცერთი პოლიტიკოსი არ გამოსულა სიტყვით. თუმცა, აქციის მონაწილეებს შორის მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი პოლიტიკური ლიდერები და აქტივისტები.
 
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და მოძრაობამ თავისუფლებისთვის – ევროპულმა საქართველომ თავიანთი მხარდამჭერები ორ სხვადასხვა ადგილას შეკრიბეს და რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ, სადაც აქცია იმართებოდა.
 
 გიგა ბოკერიამ ევროპული საქართველოდან განაცხადა, რომ „ეს არ არის აქცია არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის, არც ერთი ტელევიზიის, თუნდაც  რუსთავი 2-ის. ეს არის აქცია ჩვენი შვილების და ჩვენი თავისუფლების, ჩვენი მომავლის დაცვისთვის. ამიტომ ყველანი ძალიან მკაფიოდ ვურჩევთ ივანიშვილს და მის გუნდს, არ დაუშვან საკუთარი თავისთვის საბედისწერო შეცდომა და არ მოკიდოს ხელი რუსთავი 2-ს. ეს ძალიან საზიანო იქნება ქვეყნისთვის. მაგრამ ის ამ ამბავს გადაჰყვება“. 

დავით ბაქრაძემ იმავე პარტიიდან განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ზე „გადის ბრძოლის ხაზი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“. „თუ საქართველოში არ იქნა თავისუფალი სიტყვა, თუ საქართველოში არ იქნა კრიტიკული მედია ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ ვიქნებით ნორმალური სახელმწიფო“, – განაცხადა მან.

ნიკა მელიამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“ დღეს არის „ერთადერთი თავისუფალი მედიის გარანტი“.  „ივანიშვილს აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ გავლენა შეინარჩუნოს მთელ პოლიტიკურ სპექტრზე…დღეს მანაც დაინახა მკაფიოდ, რომ ეს მას არ გაუვა“, – განაცხადა მან.
 
„სიტყვის თავისუფლება არის უმთავრესი ღირებულება, რომელიც დანარჩენ ყველა თავისუფალ ღირებულებებს უზრუნველყოფს. უმაგისოდ ყველა ღირებულება დაიკარგება. ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი დაცვა, თუ საჭიროა, სიცოცხლის ფასადაც“, – განაცხადა ნიკა რურუამ ნაციონალური მოძრაობიდან. 
 
რესპუბლიკური, ახალი მემარჯვენეების და ლეიბორისტული პარტიების ლიდერეები ასევე დაესწრნენ აქციას.
 
„მე ვიცავ ნებისმიერ მედია საშუალებას, რომელიც არ არის კონტროლირებადი ხელისუფლებისგან“, – განუცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს აქციის შემდეგ. 
 
„მე მოვედი აქ, რათა მომავალში საქართველოში არც ერთმა ხელისუფლებამ არ გაბედოს და ბრძოლა არ დაუწყოს თავისუფალ მედია საშუალებას“, – განაცხადა მანანა ნაჭყებიამ ახალი მემარჯვენეებიდან.
 
„დემოკრატიის ხაზი დღეს გადის რუსთავი 2-ზე, რომელიც ვერ დაიმორჩილა ოლიგარქმა, ვერ ჩაიგდო ხელში, ვერ აქცია თავის რუპორად“, – განაცხადა გიორგი გუგავამ ლეიბორისტული პარტიიდან.

„რუსთავი 2“-ის ამჟამინდელ მფლობელებს სასამართლო დავა აქვთ ყოფილ მფლობელთან ქიბარ ხალვაშთან, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იმ წილების დაბრუნებას ითხოვს, რომელთაც ის დაახლოებით ათი წლის წინ ფლობდა.

ტელეკომპანიის ამჟამინდელმა მფლობელებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ხალვაშის განზრახვა ტელეკომპანიის დაბრუნების თაობაზე ხელისუფლების მიერ არის ნაკარნახევი და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის გაჩუმებას ისახავს მიზნად, საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)