განათლების მინისტრი ვიცე-პრემიერად დაინიშნა
საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გიორგი კვირიკაშვილის მთავრობაში მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა, ამის შესახემ მთავრობის პრესსამსახურმა 21 თებერვალს განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა 21 თებერვალს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯეჯელავა, რომელიც განათლების მინისტრად 2016 წლის ივნისში დაინიშნა, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულების კოორდინაციას ჩაიბარებს.
„განათლება ჩვენთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოცხადდა და ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სრული ინფორმაცია“, – თქვა კვირიკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჯეჯელავა და მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ერთად ითანამშრომლებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის „პროაქტიული“ პოლიტიკის განსახორციელებლად.
ალექსანდრე ჯეჯელავას გარდა ვიცე-პრემიერების თანამდებობები ასევე უკავიათ ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს და ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)